Nestle-მ ახალ შოკოლადში 30%-ით ნაკლები შაქრის გამოყენებით გემო შეინარჩუნა

შვეიცარულმა კომპანიამ Nestle-მ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადი წარმოადგინა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შაქრის რაოდენობას გემოს ცვლილების გარეშე.

ამ ტიპის შოკოლადი მსოფლიოში პირველია შოკოლადების ბაზარზე, რომელიც დაინერგა თეთრი შოკოლადის ბატონებზე Milkybar Wowsomes. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის შოკოლადებში შაქრის შემცველობა 30%-ით არის შემცირებული, ხოლო ხელოვნური დამატკბობლები არ გამოიყენება. თუმცა სხვა ნატურალური ინგრედიენტების გაზრდის გამო, მისი კალორიულობა მხოლოდ 3%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ტექნოლოგიას, ეს არის ე.წ. სტრუქტურირებული შაქარი, რომელზეც კომპანია ჯერ კიდევ 2016 წელს აცხადებდა, მას გააჩნია პირში სწრაფად დნობის ეფექტი დაახლოებით ისეთი, როგორიც ბამბის ნაყინს გააჩნია, რეალურად კი მისი შაქრის შემცველობა არის ბევრად ნაკლები.

Nestle-ს ინფორმაციით, შაქრის ყველაზე მაღალი შემცველობა თეთრ შოკოლადშია - 60%-მდე, რძიან შოკოლადებში ის 50%-ია, ხოლო შავ შოკოლადში ნული პროცენტიდან 40%-მდე.

განახლებული Milkybar Wowsomes-ის გაყიდვები ჯერ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში დაიწყება და მათი ფასი ჩვეულებრივ ვერსიაზე ძვირი იქნება. ეს შოკოლადები ბრიტანეთში 1936 წლიდან იყიდება და ისინი განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში რძის მაღალი შემცველობის გამო.

სამომავლოდ კომპანია ამ ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა პროდუქციაშიც გეგმავს.

კოკა კვირკველია