იმერეთიდან რაჭამდე მანძილი ერთი საათით შემცირდება - ახალი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დაიწყო. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

„პირველ მონაკვეთზე კონტრაქტორები უკვე შერჩეული გვყავს - სამშენებელო კომპანია „მამისონი“. პირველ მონაკვეთზე საჩხერე-ქვემო ხევი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ჯერ მაგისტრალური წყალსადენის გაყვანის პროცედურები მიმდინარეობს, შემდეგ უკვე ჩვენ განვაგრძობთ. საბოლოო სამუშაოების დასრულების ვადა 2019-20 წლებია“, - აღნიშნავს სეთურიძე.

სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. იმ დროისთვის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა. გზის მშენებლობისთვის რამდენიმე ალტერნატიული მარშუტი განიხილებოდა: საჩხერე-მოხვა-შხივანა-ხოტევი-ამბროლაური; საჩხერე-ჭიათურა-ხრეითი-თლუღი-ამბროლაური; საჩხერე-მოხვა-ფუტიეთი-ამბროლაური და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონი. მოგვიანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ეს ინფორმაცია გაქრა.

გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა. საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონის ასაშენებელი გზის სიგრძე - 52 კილომეტრია. მას ექნება გადასასვლელი უღელტეხილზე ზღვის დონიდან 1898 მეტრის სიმაღლეზე.

რაც შეეხება მშენებლობის სავარაუდო ღირებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი მონაკვეთის - საჩხერე-ქვემო ხევის ღირებულება 7 926 930 ლარია. მთლიანობაში პროექტის ღირებულება რამდენი იქნება, ეს უცნობია.

საჩხერე-რაჭის გზის საპროექტო სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა ხორვატიული კომპანიის ქართულმა ფილიალმა სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ჩაატარა. საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 743 761 ლარით დაფინანსდა.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტების ნუსხაში შედის (2016 წლის 16 აპრილის, საქართველოს მთავრობის N 655 განკარგულება). როგორც ცნობილია, აღნიშნულმა გზამ საჩხერე-რაჭის მიმართულებით მგზავრობა დაახლოებით ერთი საათით უნდა შეამციროს.

თეონა კენჭიაშვილი