რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადას ააშენებს (+ვიდეო)

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობაზე ტენდერი დასრულდა და ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

ტენდერში კომპანია „ენსისმა“ გაიმარჯვა, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც 4 284 999 ლარია, მაშინ როცა, სატენდერო პირობების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარი იყო.

ცნობისთვის, ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი მეორედ იყო გამოცხადებული, რადგან 1-ელ ტენდერში რუსული კომპანია „ნიკარემსტროი“ მონაწილეობდა, რომელიც დისკვალიფიცირდა.

რაც შეეხება კომპანია „ენსისს“, შეგახსენებთ, რომ ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თბილისის მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევაშიც ფიგურირებდა. კერძოდ, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შპს „ენსისი“ მსხვილი მიმწოდებლების სიაში ლიდერობდა და კომპანიას ტენდერების გზით 21 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.

ორგანიზაციის ცნობით, „ენსისი“ ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც, კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, კომპანია ფლობს შპს „ჯი სის“, რომლის დირექტორის პოსტსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით შავლიაშვილი იკავებს.

კომპანიას 3 ძირითადი მიმართულება გააჩნია: სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და საშენი მასალების წარმოება. რაც შეეხება მფლობელებს, რეესტრის ამონაწერით, კომპანიის 70%-იან წილს გიორგი ქელბაქიანი, (თბილისის წყლის ყოფილი დირექტორი) 30%-იან წილს კი გიორგი გოგიბერიძე ფლობენ.

მართალია, კომპანია მხოლოდ 2009 წელს დაფუძნდა, მაგრამ მის სახელს უკავშირდება რიყის პარკისა და ცნობილი მუსიკალური ჰოლის - ე.წ. რიყის დოქების მშენებლობა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს შსს-მ თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი, გიორგი ქელბაქიანი და მისი კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებოდათ. გარდა ამისა, მიმდინარეობდა გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდაბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ და თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. გიორგი (გეგი) ქელბაქიანი სასამართლომ გირაო შეუფარდა.

ამ ფაქტის შემდეგ ქელბაქიანის კომპანიამ, როგორ უკვე აღვნიშნეთ, არაერთ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. „ენსისი“ დღეს აშენებს ორთაჭალაში „ბიზნეს სახლსაც“. ცნობისთვის, აღნიშნულ პროექტზე ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდა, პირველი ტენდერი, რომელშიც „ენსისმა“ გაიმარჯვა შენობის საფუძვლის, შავი კარკასის და მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ეხებოდა, ტენდერის მიხედვით, პროექტის ღირებულება 11 528 940 ლარი იყო, „ენსისის“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 10 086 659 ლარია.

„ენსისიმ“ დაასრულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებული პროექტი - ზაჰესის ხიდის მშენებლობა. მანამდე კი სამშენებლო სამუშაოებს მერიის ტენდერში გამარჯვებული შპს „ხიდმშენი 99“ აწარმოებდა. 2015 წლის 21 დეკემბერს მერიასა და აღნიშნულ შპს-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშაოების დასრულების ვადად 2016 წლის სექტემბერი განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება 3 650 000 ლარი იყო. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2016 წლის 1-ელ თებერვალს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები შპს „ხიდმშენი 99“-მა შპს „ენსისის“ გადასცა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, ხიდზე დამატებითი სეგმენტების მოწყობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შპს „ხიდმშენ 99“-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში შპს „ენსისის“ გადაეცა, შეწყდა.

ამის შემდეგ თბილისის მერიამ შპს „ენსისისთან“, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელახალი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 3 999 999 ლარი იყო. ხიდი 2017 წლის მარტში, დათქმულ დროზე ცოტა გვიან გაიხსნა. გახსნიდან დღემდე კი ხიდის გარკვეული ტერიტორიები რამდენჯერმე ჩაინგრა.

რაც შეეხება ისევ კომპანიას, რეესტრის მონაცემებით შპს „ენსისი“ ფლობს შპს „რიყე 2-ის“ და „რიყე 3-ის“, შპს „გორგასალი 15-ის“ 100%-იან წილს. ქელბაქიანი არის ასევე საქართველო-ერაყის სავაჭრო პალატის გამგეობის წევრი.

თაია არდოტელი