„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ამერიკისა და 5 ევროპული ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად აშენდება

გერმანიის ჰიდროგრაფიისა და ნაოსნობის ფედერალურმა უწყებამ კომპანია Nord Stream 2-ს ნებართვა მისცა დაიწყოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვა გაცემულია გაზსადენის 30-კილომეტრიან სახმელეთო მონაკვეთზე, რომელიც თანხვედრაში უნდა მოვიდეს გერმანიის მთის კანონთან. ამ დროისთვის, როგორც კომპანიაში აცხადებენ, Nord Stream 2-ს გააჩნია ყველა უფლება დაიწყოს გაზსადენის მშენებლობა გერმანიის 85 კილომეტრიან მონაკვეთზე. Nord Stream 2-ის აქციების 51%-ის მფლობელი რუსული „გაზპრომია“.

შეგახსენებთ, აშშ და ევროპის 5 ქვეყანა აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, ვინაიდან მათი აზრით, ეს გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და საფრთხეს შეუქმნის მის ენერგოუსაფრთხოებას.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა იგეგმება არსებული „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის გასწვრივ. პროექტის წინააღმდეგნი არიან უკრაინა, რომელიც შიშობს ტრანზიტის შედეგად მიღებული შემოსავლის დაკარგვას და აშშ-იც, რომელსაც ასევე გააჩნია საკუთარი ამბიციური გეგმები ევროპაში გაზის მიწოდებაზე.

კოკა კვირკველია