პირველკლასელებისთვის ლეპტოპებს განათლების სამინისტრო „იუჯითისგან“ შეიძენს

პირველკლასელებისთვის ლეპტოპების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ მარტში გამოცხადებული ტენდერი 55 050 ცალი პორტაბელური კომპიუტერის შესყიდვას გულისხმობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 22 845 750 ლარი იყო.

თუმცა, როგორც ირკვევა ტენდერში კომპანია „იუჯითიმ“ გაიმარჯვა, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც 20 108 999 ლარია. ამასთან, აღსანიშნავია, ტენდერში კიდევ ერთი კომპანია „ალტა“ მონაწილეობდა, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც „იუჯითისთან“ შედარებით 1 ლარით მეტი, კერძოდ, 20 109 000 ლარია.

ცნობისთვის, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპიუტერების მიწოდება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, 12 ათასი პორტაბელური კომპიუტერის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 10 მაისისა; ხოლო 43 050 ცალის მიწოდება არაუგვიანეს 10 ივლისისა უნდა მოხდეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენაზე ტენდერს ყოველ წელს აცხადებს.