Google-ს შესაძლოა, კომპანია Oracle Corp-ისთვის მილიარდობით დოლარის გადახდა მოუწიოს, Oracle-ის კუთვნილებაში არსებული Java პროგრამირების კოდის უნებართვოდ გამოყენებისთვის საკუთარ Android-ის საოპერაციო სისტემაში.
ამის შესახებ ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში, სადაც დავა აღნიშნულ საქმეზე უკვე წლებია მიმდინარეობს.
საჩივარი, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში კომპანია Oracle-ის მხრიდან შევიდა, ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ს მის მობილურ მოწყობილობებში პატენტის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. Oracle საავტორო უფლებების დარღვევისთვის Google-სგან 8,8 მილიარდ დოლარს ითხოვს.
აღნიშნული დავა იქნება პრეცენდენტული ზოგადად „სილიკონ ველისთვის“, ვინაიდან მან დაყო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიები ამ კოდის შემქმნელების, მომხრეებსა და ამ კოდის განმავითარებლების მომხრეებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოდის გამოყენება არ შეიძლება არღვევდეს საავტორო უფლებებს.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, ვინაიდან დაბალი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს ბადებს.
Java 1990-იანებში კომპანია Sun Microsystems Inc-ის მიერ შეიქმნა, რომელიც Oracle-მა 2010 წლის იანვარში შეიძინა 7,4 მილიარდ დოლარად და Google-თან სასამართლო დავა შეძენიდან 8 თვეში დაიწყო.
კოკა კვირკველია