„თბილისში ყველაზე იაფი მანსარდული ტიპის ბინები ღირს“

მანსარდული ტიპის ბინები თბილისში, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, რისი მიზეზიც ძირითადად, მისი ღირებულებაა.

უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს ცნობით, დღეის მდგომარეობით, მანსარდული ტიპის ბინები ყველაზე იაფი ღირს.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, მანსარდის ტიპის ბინებში 1 კვადრატული მეტრი ფართობის შავი კარკასის მშენებლობა, როგორც წესი 40 ლარიდან, თეთრი კარკასის კი - 100 ლარიდან იწყება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ასეთი ფასები იმ შემთხვევაშია, თუ მანსარდული ტიპის ბინა თაბაშირ-მუყაოთია გაკეთებული. თუმცა, თუ ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, სპეციალისტები უპირატესობას ხის მასალას ანიჭებენ.

რა არის მანსარდი

ეს არის სახლის ბოლო სართული/სხვენი, რომელიც წლების წინ გამოიყენებოდა, როგორც უსარგებლო ნივთების შესანახი ადგილი ან საერთოდ არაფერში გამოიყენებოდა. დღეს, მანსარდი ძალიან პოპულარული გახდა, რადგან ამ სივრცეში ნამდვილად არაჩვეულებრივი პოტენციალია იმისა, რომ განუმეორებელი დიზაინი შეიქმნას.

როგორ ხდება ამ ტიპის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა?

როგორც წესი, მრავალსაცხოვრებლიან კორპუსში არსებული სხვენი კორპუსში მცხოვრებ ყველა ოჯახს ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხს, ანუ სხვენის საკუთრებაში გადაცემას „ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონი“ აწესრიგებს, რომლის თანახმადაც, სხვენის საკუთრებაში გადაცემა ორ კატეგორიად იყოფა. პირველ შემთხვევაში, თუ პირი ამხანაგობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა სხვენს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მან უნდა წარადგინოს კრების ოქმი, ამხანაგობის 2/3-ის თანხმობით, რომელიც დაადასტურებს სამეურნეო სათავსოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ. ხოლო, მეორე შემთხვევაში, თუ 2007 წლამდე ფლობის ფაქტი არ ფიქსირდება, ასეთ დროს პირმა უნდა წარადგინოს საკუთრების შესახებ ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობით შედგენილი კრების ოქმი. ასევე, ისეთ შემთხვევაში, როდესაც გსურთ, საკუთრებაში გადმოგეცეთ სხვენი, რომელიც იმ კორპუსშია, სადაც არ ცხოვრობთ, სხვენის რეგისტრაციისთვის ასევე აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კრების ოქმი გესაჭიროებათ.

რომელი უწყება გასცემს ნებართვას სხვენის მშენებლობაზე?

როდესაც სხვენის, იგივე მანსარდის მშენებლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიმართეთ მერიის არქიტექტურის სამსახურს, რომელიც სამუშაოების დაწყების უფლებას შესაბამისი დასკვნის საფუძველზე იძლევა. მას შემდეგ, რაც მერიისგან მანსარდული ტიპის ბინის მშენებლობის ნებართვას მიიღებთ, შემდეგი ნაბიჯი უკვე სამშენებლო მასალების შერჩევაა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, მშენებლობა განახორციელოთ მასალით, რომელიც შემდგომში კორპუსს/საცხოვრებელ სახლსა და მის სიმყარეს ზიანს არ მიაყენებს.

რაც შეეხება მის მოწყობას, როგორც წესი, მანსარდს აქვს ფართი, რომელიც საკმარისია სრულფასოვანი ოთახისთვის, თუმცა მას ბევრი თავისებურებაც ახასიათებს. ამიტომ, როდესაც მისი დაგეგმარების პროცესს დაიწყებთ, ამის გათვალისწინებაც მოგიწევთ. უნდა აითვისოთ მთელი სივრცე – გამოიყენოთ მაღალი ჭერი, ოთახის კუთხეები და ა.შ . კარგი იქნება, თუ მანსარდი აშენდება თქვენი პროექტით, რომელიც ითვალისწინებს ამ სივრციდან საცხოვრებელი ოთახის შექმნას. ასეთ შემთხვევაში, ოთახის გაფორმების სტილის შერჩევა იოლია. თუ ადრე ეს ადგილი სხვენის ფუნქციას ასრულებდა და ახლა გადაწყვიტეთ მისი მოდერნიზაცია, თქვენ მაინც შეგიძლიათ, ორიგინალური დიზაინი მოიფიქროთ.