„რეზონანსი" - კემეროვის მსგავსი ტრაგედიისგან არც საქართველოა დაზღვეული

მასობრივ ადგილებში, განსაკუთრებით სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, უსაფრთხოების ზომები მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული.

არც სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში გვაქვს უკეთესი ვითარება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საზოგადოებრივი დაწესებულებების უმეტესობა, ელემენტარულად, საევაკუაციო გეგმისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გარეშეა დარჩენილი. კემეროვოს მსგავსი ტრაგედიისგან არც ჩვენი ქვეყანაა დაზღვეული, რადგან მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყველანაირი ნორმა დარღვეულია.

უსაფრთხოების სისტემის სუსტი კონტროლის შედეგი სულ ახლახან რუსეთში ათეულობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მსგავსი საფრთხე საქართველოშიც არსებობს, რამდენადაც ახალაშენებულ ობიექტებში უსაფრთხოების სისტემა სათანადო დონეზე არ მუშაობს. ბოლო პერიოდში ხომ არაერთი ისეთი ფაქტის მომსწრე აღმოვჩნდით, რამაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული და არათუ უშუალოდ მშენებლობის პროცესში, შენობის შემდგომი ექსპლუატაციის დროსაც არაფერი მოწმდება. დეველოპერებს თუ მოვუსმენთ, მშენებლობისას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი კონტროლი არ მიმდინარეობს.

როგორც ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ "რეზონანსს" განუცხადა, აუცილებელია ყველა შენობა-ნაგებობას (განსაკუთრებით მასობრივი თავშეყრის ადგილებში) ჩაუტარდეს სახანძრო აუდიტი და ნებისმიერ ობიექტს მოეთხოვოს, ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი. ასეთი დოკუმენტის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა.

"სამწუხაროდ, უსაფრთხოების ნორმა ძველ შენობებში უფრო არის დაცული, ვიდრე ახალაშენებულ ობიექტებში. აშკარაა საპროექტო დონეზე დაშვებული შეცდომები. არაერთგზის დავსვით საკითხი, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სახანძრო აუდიტი, ანუ ყველა შენობას უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობა.

ერთ მაგალითს გეტყვით. მშენებლობისა და ურბანიზაციის ყოფილი სამინისტრო მდებარეობდა ვაჟა-ფშაველას # 16-ში. შენობა დაპროექტებულია საბჭოთა კავშირის დროს. მას თავდაპირველად ჰქონდა 2 კიბე, ანუ სახანძრო უსაფრთხოება საექსპლუატაციო დონეზე მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული, მაგრამ 90-იან წლებში ყველანაირი კონტროლი მოიშალა. იმ პერიოდში ერთი კიბე ჩაირაზა, კი არ ჩაიკეტა, არამედ შეადუღეს და ეს გასასვლელი, ფაქტობრივად, ამოქოლეს. პარადოქსია, მაგრამ ასეთ შენობაში იმყოფებოდა უწყება, რომელსაც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების კონტროლოი ევალებოდა.

როდესაც კახა კალაძე მერობის კანდიდატი იყო, მომიწია მასთან შეხვედრა და გავაცანი ჩემი მოსაზრება ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ, რომელთა შორის ერთ-ერთი საკითხი სწორედ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა. მიმაჩნია, რომ სისტემატურად უნდა ტარდებოდეს აუდიტი და ამ პროცესს მერიის შესაბამისი სამსახური ადევნებდეს თვალყურს", - აცხადებს ვარდოსანიძე.

მისი თქმით, შენობის საექსპლუატაციოდ ჩაბარების პროცესში მოთხოვნები სტანდარტთან დაკავშირებით გასამკაცრებელია.

"ანალიზი, როგორც სპეციალისტს, არ ჩამიტარებია, მაგრამ არ იქნება ცუდი, თუ საპროექტო დონეზე ჩატარდება რევიზია. ნორმატივების მიხედვით ყველა შენობის შემოწმება არის აუცილებელი. გარდა ამისა, საექსპლუატაციოდ ჩაბარების პროცესში მოთხოვნები უნდა გამკაცრდეს.

კონტროლი საჭიროა როგორც უშუალოდ მშენებლობის პროცესში, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგაც. ზოგჯერ ახალი კარგად დავიწყებული ძველი გვგონია. საბჭოთა კავშირის დროს ტექნიკური ზედამხედველობა არსებობდა და არ უნდა გვეშინოდეს, რომ ეს სამსახური აღვადგინოთ თავისი ფუნქციებით. უსაფრთხოების კონტროლი ბოლშევიკების მოგონილი არ არის, საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული ნორმაა, რასაც ადრე სათანადო ყურადღება ექცეოდა.

ერთია დაპროექტება, მეორე – მშენებლობა, მესამე – ექსპლუატაცია, ყველა კომპონენტი გასათვალისწინებელია, თანაც ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩარაზული სივრცე. ღამის კლუბები და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილები სახანძრო გასასვლელებით არ არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, სად რა საფრთხეა და მდგომარეობა ახლავე გამოვასწოროთ. კახა კალაძე ასეთ საკითხებს საკმაოდ ხისტად ეკიდება, რაც მსგავს სიტუაციაში სავსებით სწორად მიმაჩნია", - განუცხადა "რეზონანსს" ვარდოსანიძემ.

როგორც დეველოპერები აღნიშნავენ, არათუ მშენებლობის პროცესში, შემდეგშიც კი არაფერი კონტროლდება. ამ დროს სხვადასხვა ობიექტში უსაფრთხოების სისტემა წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ უნდა მოწმდებოდეს.

სამშენებლო სფეროს სპეციალისტი, დეველოპერი შოთა გუჯაბიძე განმარტავს, რომ ბევრ უსიამოვნებას ავიცილებთ თავიდან, თუ უსაფრთხოების სტანდარტი იქნება დაცული. ამისთვის უნდა არსებობდნენ სპეციალური სამსახურები, რომლებსაც ამა თუ იმ ობიექტის მონიტორინგი დაევალებათ და საბოლოოდ პასუხისმგებელი იქნებიან სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.

"სიტუაცია არის მრავალნაირი და საფრთხე ყველგან მოსალოდნელია, სადაც კონტროლის სისტემა არ არსებობს. სავაჭრო ცენტრებისა და გასართობი კომპლექსების შემთხვევაში საფრთხე შეიძლება შეიქმნას ევაკუაციის გეგმის არასწორი შედგენის ან არარსებობის გამო. სხვა თუ არაფერი, მასობრივი პანიკის მიზეზით მოხდეს ჭყლეტა ან დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდეს გზის გაგნება, რაც კიბის უჯრედებსა და ლიფტებში ხშირად ხდება.

ახლა ყველანაირი მონიტორინგი და ვალდებულების კონტროლი გაუქმებულია. დიდ უსიამოვნებებს ავიცილებთ თავიდან, თუკი უსაფრთხოების სტანდარტი იქნება დაცული. პირველ რიგში, ექსპლუატაციის წესები უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ შენობისათვის. შემოწმება 2 თვეში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს", - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, უწყება, "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად, ზედამხედველობას უწევს ამავე კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს.

"იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, არსებობს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები (მაგალითად, ლიფტი ან ესკალატორი), მათ უტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება აკრედიტებული კერძო ინსპექტირების ორგანოს მიერ. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ადგილზე ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ფორსმაჟორის, ავარიის ან უბედური შემთხვევის დროს.

გარდა ამისა, სააგენტო გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვას და ამ ობიექტებზე მიმდინარე მშენებლობას ზედამხედველობას უწევს სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვის კუთხით, მათ შორის, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის ზედამხედველობას, ეს არ შედის სააგენტოს კომპეტენციაში", - განუცხადეს "რეზონანსს" სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"