თინა ხიდაშელი: სახელმწიფო სისტემაში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აქვთ

ძალიან დაუმსახურებელია, რომ სახელმწიფო სისტემაში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აქვთ.

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ავტოპარკინგის განახლების გეგმას გამოეხმაურა.

"პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი, რაც კი სახელმწიფო დაწესებულებებში არსებობს. ამასობაში სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ გარემოში სწორედ პარლამენტის თანამშრომლები მუშაობენ, თბილისი-ქუთაისის გზაზე ცხოვრობენ. ვფიქრობ, ძალიან დაუმსახურებელია, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომელს დღემდე ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ სახელმწიფო სისტემაში და დამსახურებულია მათთვის ხელფასების მომატება", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ავტოპარკინგის განახლებას, ხიდაშელის ინფორმაციით, საუბარი არ არის ავტოპარკინგის სრულად შეცვლაზე.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ავარიას ჰქონდა ადგილი თბილისი-ქუთაისის გზაზე. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, ავტოპარკი გასაახლებელია, მაგრამ საუბარი არ არის სრულად შეცვლაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

2015 წლისთვის პარლამენტის ბიუჯეტი იზრდება. საბიუჯეტო ნამატი 2 604 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხით დაგეგმილია პარლამენტის აპარატის ხელფასების გაზრდა და ავტოპარკის შეცვლა.