თბილისში კრიპტოვალუტის პირველი ტერმინალი განთავსდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინფორმაცია პლატფორმა tps.ge-დან მიაწოდეს.
მათი ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტერმინალს მოქალაქეები საკმაოდ აქტიურად იყენებენ და ძალიან მალე ქალაქში, დამატებით რამდენიმე ტერმინალის განთავსებაც მოხდება.
“დღეის მდგომარეობით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა კრიპტოვალუტის მოპოვებაში. ბევრს სურს მოპოვებული კრიპტოვალუტის სხვა ვალუტაზე გადაცვლა. ასევე, იზრდება მათი რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტის შეძენითაა დაინტერესებული. ჩვენ შევქმენით სანდო და მარტივი პლათფორმა - tps.ge - რომელიც დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმში ვალუტის გადაცვლას გაუმარტივებს”, - განაცხადა “თპს”-ს პროგრამისტმა გიორგი ჭეიშვილმა.
“თპს” ქართულ ბაზარზე ინოვატორია, რომელიც კრიპტოვალუტით დაინტერესებულებს საშუალებას მისცემს, ტერმინალებისა და ვებგვერდის საშუალებით შეიძინონ და გაყიდონ ციფრული ფული. ტერმინალისა და ვებ-გვერდის გამოყენება მარტივია. ამ მომენტისათვის, შესაძლებელია Bitcoin და Litecoin-ის ყიდვა-გაყიდვა. თუმცა, სამომავლოდ, Ripple, Ethereum, Bitcoin Cash-ის და სხვა, მომხმარებლისთვის სასურველი კრიპტოვალუტის დამატებაც იგეგმება.
ცნობისთვის, კრიპტოვალუტის პირველი ტერმინალი “ნიუ-იორკ ბურგერ თბილისის” რესტორანში განთავსდა.