SoftBank-ი საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მზის ელემენტების პარკს ააშენებს

საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა და იაპონურმა კომპანია SoftBank Group Corp-მა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მზის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს.

როგორც CNBC იუწყება, გეგმის განვითარება დაიწყება მიმდინარე წელს და მისი ინვესტიცია 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომლის ფინანსირებას მოახდენს ერთობლივი Vision Fund-ი.

იაპონური კომპანიის გენერალური დირექტორის მასესი სონის განცხადებით, სამომავლოდ ინვესტიციის მოცულობა 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს, შედეგად კი უკვე 2030 წლისთვის ელექტროსისტემის გენერაცია წელიწადში 200 გვტ-ს მიაღწევს.

„ეს რა თქმა უნდა, ყველაზე მსხვილი მზის პროექტია მსოფლიოში“ - განცხადა სონიმ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა შეთანხმებას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან პროექტზე მუშაობის დასაწყებად.

მისი განცხადებით, პროექტის პირველი ეტაპი 5 მილიარდი დოლარი დაჯდება და ის მიმდინარე წელს მზის პანელების დამონტაჟებით დაიწყება, რომელთაც უკვე 2019 წლისთვის 7,2 გვტ ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლებათ.

მასესი სონის თქმით, სამომავლოდ მზის ელემენტების დამონტაჟება გაგრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში. თავდაპირველად იგეგმება პანელების დაბალ ფასად შესყიდვა, ვიდრე თავად საუდის არაბეთი არ დაიწყებს მათ წარმოებას კონკურენტულ ფასად. ეს კი დაახლოებით 2-3 წელიწადში მოხდება. მას პროექტის ფინანსირების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ გაყიდული ელექტროენერგიიდან მიღებული შემოსავლის რეინვესტირება მოხდება პროექტის განვითარებაში.

კოკა კვირკველია