კადრების დაქირავებისას საწარმოთა თითქმის ნახევარი - 45% ახალი კადრების აყვანას ნათესავების, მეგობრებისა თუ ნაცნობების საშუალებით ახორციელებს.
ამის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საწარმოთა 26.8%-ს ინტერნეტის; ხოლო 17.8%-ს დასაქმების კერძო სააგენტოების საშუალებით აყავს კადრები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ინტერნეტის საშუალებით კადრების აყვანა 2-ჯერ მეტად ჩამორჩება თბილისში იმავე მაჩვენებელს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კვლევის თანახმად, საწარმოთა 3.7%-ს კადრები ჯანდაცვის სამინისტროს პორტალის (Worknet.gov.ge); 1.7%-ს - ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ფორუმის; 1.5%-ს - ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების; 3.6%-ს კი სხვა საშუალებით აყავს.
ანგარიშის თანახმად, აპლიკანტების შეფასება ძირითადად 74.5%-ის შემთხვევაში აპლიკაცია/გასაუბრების; 20.7%-ს შემთხვევაში კი სუბიექტური შეფასებების საფუძველზე ხდება. ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საკმაოდ მცირეა წილი იმ შემთხვევებზე, როდესაც კადრების შეფასება აპლიკაცია/ტესტირების (3.1%) შედეგად ხორციელდება.