„ფოლკსვაგენს“ დიზელგეიტის გამო, შეერთებულ შტატებში ასობით ათასი ავტომობილის უკან გამოსყიდვა უწევს.
გერმანულ კომპანიას მათ დასაგროვებლად, სხვადასხვა შტატში ათეულობით სადგომი აქვს დაქირავებული და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მათ კარგა ხანს ვერ დაცლის.
თებერვლის მონაცემებით, სადგომებზე დაახლოებით 300-350 ათასი დიზელის ძრავიანი ავტომობილი დგას, რომლების გამოსყიდვაზეც ვოლფსბურგელებმა უკვე 7.4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ეს პროცესი უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება და ჯერაც არ დასრულებულა.
„ფოლკსვაგენს“ შტატებში ამჟამად სულ 37 სადგომი აქვს დაქირავებული. მათ შორის ყველაზე დიდებია დეტროიტის გარეუბანში არსებული ძველი საფეხბურთო სტადიონი, მინესოტას ქაღალდის ძველი ფაბრიკა და ძველი სასაფლაოს მახლობელი ტერიტორია ვიქტორვილში (კალიფორნია), რომელიც უდაბნოში მდებარეობს.
„ფოლკსვაგენის“ პრესმდივანი ჯენინ გინივენი ამბობს, რომ სადგომზე განთავსებულ ავტომობილებს კომპანია ყურადღებას აქცევს, რათა ისინი ხარისხიან, მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნოს. მოგვიანებით, ამ ავტომობილებს ან ისევ ამერიკის ბაზარზე გაყიდიან, თუ ამერიკელი რეგულატორები, მათი გამონაბოლქვის შეცვლილ მონაცემებს დაადასტურებენ, ან სხვა ქვეყნებში გაიტანენ.
„ფოლკსვაგენს“ ამერიკის ბაზარზე დიზელგეიტი დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამ თანხაში, ავტომობილების გამოსყიდვის გარდა, გარემოს დაცვის და სხვა რეგულაციების დარღვევისთვის გადასახდელი ჯარიმებიც შედის. კომპანია თავის დილერებსაც გადაუხდის კომპენსაციებს და საურავების გადახდა სხვადასხვა შტატებშიც მოუწევს. სულ გერმანულ კომპანიას დაახლოებით 500 ათასი ავტომობილის გამოსყიდვა უწევს. და ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„ფოლკსვაგენს“ ამჟამად უკვე 335 000 დიზელისძრავიანი ავტომობილი აქვს გამოსყიდული. აქედან 13 000 ისევ გაყიდა (დაბალ ფასში), 28 000 კი გაანადგურა.