გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი - ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა არსებობდეს

ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალუქვაძის განმარტებით, მერიის შენიშვნები გაუგებარია, რადგან უწყება კონკრეტიკას ითხოვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გენგეგმა კი ზოგადი დოკუმენტია, რომლის მიღების შემდეგაც კონკრეტული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები უნდა შემუშავდეს.

"დღევანდელ შეხვედრაზე ვუპასუხებთ იმ შენიშვნებს, რომელიც მერიას ჰქონდა. არავინ ამბობს, რომ შენიშვნები არ უნდა ყოფილიყო. ამხელა დოკუმენტი კი არა, ერთი სახის პროექტი როცა კეთდება, შენიშნები მაშინაც არსებობს. ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა არსებობდეს. ჩვენ ვმუშაობდით ყველაფრის გათვალისწინებაზე, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა, რისიც არ შეიძლებოდა, ამასაც ვიტყვით დღეს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ზოგადი დოკუმენტი და არსებობს კიდევ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, რომელიც უნდა პასუხობდეს კონკრეტიკას, რომელიც აუცილებელია. გენგეგმა სათავეს უდებს სხვა უფრო კონკრეტული პროექტების შემუშავებას.

არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც, მიგვაჩნია, რომ არ უნდა იყოს. ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში 200-300 კვ.მ-ის ტერიტორია არ უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს არ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ვაბობთ, რომ 10 ათასიან მასშტაბზე, რაც გენგეგმის რუკაა, 200 კვ.მ-ის გამწვანებული ტერიტორია არის წერტილი და მის დასმას რა აზრი აქვს?! ყველა მასშტაბური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი მოითხოვს დიდ ფინანსებს, მაგრამ ჩვენ სპეციალურად გვაქვს ქალაქის კომპაქტურობა აღებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის სახსრები, რაც თბილისის ბიუჯეტს ექნება. ეს რომ იყოს ექსტენსიურ განვითარებაზე, ანუ ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი, მაშინ მივიღებდით იმას, რომ საინჟინრო ქსელებით, სატრანსპორტო ქსელებითა და სერვისის ობიექტებით დაგვეკმაყოფილებინა ის ტერიტორია, რომელიც ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთაა. ამას ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი, რომელზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ავსტრიელი სპეციალისტები. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ მასშტაბის და სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც უნდა არსებობდეს", - განაცხადა სალუქვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პროექტის განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებიან. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოს კიდევ ერთხელ აცნობს. სპეციალისტები საუბრობენ გენგეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, ქალაქში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და იმ შეთავაზებებზე, რომელიც 1200 გვერდიან დოკუმენტშია მოცემული.

შეგახსენებთ, რომ გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა. 26 თებერვლიდან კი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი და ქართველი ექსპერტები სწავლობდნენ, თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, დოკუმენტზე კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.