ავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების ახალი სისტემა გაუმართავია.
სისტემის დანერგვის შემდეგ იმატა უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვმა, რომლებიც ამბობენ, რომ აპარატს ბარათს ადებენ, იგი მწვანდება, მაგრამ კონდუქტორს არ მისდის ინფორმაცია, რომ მგზავრობის საფასური გადახდილია. ასეთ მგზავრებს კი უსამართლოდ აჯარიმებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამის შესახებ იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად ახალი მექანიზმების დამატებაზე მუშაობენ.
ბოლო პერიოდში ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა დაინერგა. ტრანსპორტში დამონტაჟებული ერთ-ერთი აპარატი ბილეთს არ გასცემს, სამაგიეროდ ბარათის მიდების შემდეგ მწვანდება, რაც იმის ნიშანია, რომ ღირებულება გადახდილია. მიუხედავად ამისა, კონტროლიორები შიგადაშიგ ამოწმებენ სამგზავრო ბარათებს. გახშირდა შემთხვევა, როცა მგზავრებს აჯარიმებენ და ეუბნებიან, რომ პროცედურის გავლის მიუხედავად, გადასახადი სისტემაში არ არის ასახული.
ჯარიმა ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, 5 ლარს შეადგენს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით საშუალო ან უფრო ხშირად დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები სარგებლობენ, მათთვის ეს შეიძლება არცთუ მარტივად გადასახდელი იყოს. გარდა ამისა, არის უსამართლობის განცდაც, როცა მგზავრი კეთილსინდისიერია, ნამდვილად აქვს მგზავრობის საფასური გადახდილი, მაგრამ მაინც ჯარიმდება.
"რეზონანსმა" რამდენიმე დაჯარიმებული მგზავრი გამოკითხა. ისინი ადასტურებენ, რომ ბარათის მიდების შემდეგ ნამდვილად აინთო მწვანე ფერი აპარატზე, მაგრამ კონდუქტორის აპარატში არ აჩვენა გადახდილი თანხა. სხვათა შორის, ასეთ გაუგებრობაში "რეზონანსის" ჟურნალისტებიც მოჰყვნენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ იციან, თუმცა ამ უსიამოვნო ფაქტს მგზავრების მხრიდან გადახდის დროს არასათანადო ყურადღებას უკავშირებენ. მათი აზრით, შეიძლება მგზავრმა ვერ დაინახა, გამწვანდა თუ არა აპარატი.
თამარ ტაბატაძე სწორედ ასე დაჯარიმებული ადამიანებიდან ერთ-ერთია. იგი რამდენიმე დღის წინ N150 ავტობუსით მგზავრობდა. აპარატს ბარათი მიადო და გამწვანდა კიდეც, ამიტომ თამამად გაუწოდა ავტობუსში ამოსულ კონტროლიორს სამგზავრო ბარათი, მან კი უთხრა, რომ არ არის გადახდილი თანხა და დააჯარიმა კიდეც.
"დაახლოებით თვენახევრის წინ ავტობუსით ვმგზავრობდი. ბარათი მივადე აპარატს, რომელიც ნამდვილად გამწვანდა. დაახლოებით ორ გაჩერებაში კონტროლიორი ამოვიდა, ბარათი თამამად გავუწოდე, მან კი მითხრა, რომ არ მაქვს გადახდილი მგზავრობის საფასური, რაც გავაპროტესტე. რამდენიმე მგზავრმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად გამოვიყენე ბარათი. ამის შემდეგ მთხოვა, ავტობუსიდან ჩავსულიყავი, რათა ჯარიმა დაეწერა. წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არ გამიწევია, ჩავყევი და ჯარიმა დამიწერა.
თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ერთი გაჩერებაც კი არასოდეს მიმგზავრია უბილეთოდ. ვუხსნიდი, რომ ნამდვილად გადავიხადე, მის აპარატში კი გადახდა არ ჩანდა და ღიმილით მიპასუხა, ხდება ხოლმე ასე, სისტემა ხანდახან ფუჭდება ან ურევსო. გამოდის, სისტემის ამ ცდომილების გამო აბსოლუტურად უაზროდ დამაჯარიმეს. სამწუხაროდ, ჯარიმა ისე გადავიხადე, არ გამიპროტესტებია. როცა მეგობრებთან ეს ისტორია მოვყევი, მითხრეს, რომ ახალი სისტემის შემოღების შემდეგ მათაც სმენიათ მსგავსი ამბები. რატომღაც არც საჩივარი დავწერე, რასაც ძალიან ვნანობ. არა მგონია, საკუთარი თანამშრომლები გაემტყუნებინათ, მაგრამ ფაქტს ხომ მაინც განვაცხადებდი ოფიციალურად", - ამბობს თამარ ტაბატაძე.
"რეზონანსის" ჟურნალისტი მარი ჩიტაიაც ანალოგიური ტექნიკური ხარვეზის გამო უსამართლოდ დაჯარიმდა. სხვა რესპონდენტებისაგან განსხვავებით, მან საჩივარი დაწერა და ახლა სატრანსპორტო კომპანიის პასუხს ელოდება.
"28 მარტს, საღამოს, ვიმგზავრე მეტროთი სადგურ "პოლიტექნიკურიდან" "ახმეტელის თეატრამდე". პირველი მგზავრობის დაფიქსირებიდან ზუსტად 50 წუთში გადავჯექი ავტობუსში, N32-ში და მაშინვე დავაფიქსირე ჩემი ბარათი. წესით, მგზავრობის უფასო ბილეთი უნდა მქონოდა და ასეც იყო. ბარათი ელექტრონულად დავაფიქსირე, ეკრანი მწვანედ განათდა და არანაირი ეჭვი არ გამჩენია, რომ შეიძლებოდა, ბილეთი არ მქონოდა.
ჩემ თვალწინ რამდენიმე მგზავრს შეექმნა პრობლემა ბარათის დაფიქსირებისას, ეკრანი რამდენჯერმე განათდა წითლად, როცა მგზავრები ირწმუნებოდნენ, რომ ბარათზე ანგარიში ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მათ მოახერხეს ბარათის გატარება, ისევე როგორც მე. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შემოწმებისას სისტემამ გადახდა არ აჩვენა. ცხადია, კონტროლიორმა ამის გამო დამაჯარიმა.
ჩემი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ვერ დავარწმუნე იგი ნათქვამის სიმართლეში. კონტროლიორი ლევან შამათავა მთელი ძალით ცდილობდა, რომ ხელიდან არ გაეშვა ჯარიმის გამოწერის შესაძლებლობა. აშკარად ამაზე იყო ორიენტირებული და ასეც მოიქცა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ კანონმორჩილი ადამიანი და ჩემთვის ეს დაუმსახურებელი ჯარიმა შეურაცხმყოფელია. თავს მივიჩნევ დაზარალებულად და მოვითხოვ, რომ გადახდის აპარატის იმ პერიოდისთვის არსებული ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდეს. ბოლოს და ბოლოს მე უფასო მგზავრობის უფლებით ვსარგებლობდი. შესაბამისად, არანაირი საბაბი და მოტივაცია, რომ მემგზავრა უბილეთოდ, არ მქონია.
ვიმედოვნებ, რომ საპტრანსპორტო სამსახურში ობიექტურად შეისწავლიან ამ საკითხს და არსებულ ხარვეზს გამოასწორებენ. თანაც მე არ ვარ ერთადერთი მგზავრი, რომელიც ასე უსამართლოდ, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო დაჯარიმდა. გასაგებია, რომ 5 ლარი არ არის დიდი თანხა, მაგრამ თავი იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი, თუკი სატრანსპორტო სამსახურში ვერა, სიმართლეს სასამართლოში მაინც დავადასტურებ", - აცხადებს მარი ჩიტაია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა ამას მგზავრის მხრიდან პროცედურის არასწორად შესრულებას უკავშირებენ. დაჯარიმებულ მოქალაქეებს კი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ შემთხვევაში სანქცია უკანონო იყო, მოუწოდებენ, 10 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივრონ.
"ვინაიდან გადახდის ახალი სისტემა ქაღალდით არ ადასტურებს გადახდას, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მგზავრს ჰგონია, რომ ბარათი გაატარა, სათანადო ყურადღება არ მიაქცია ეკრანზე ფერის ცვლილებას ან ხალხმრავლობის გამო ვერ დააფიქსირა, სათანადოდ გამწვანდა თუ არა აპარატი. ასეთი შემთხვევები მართლაც არის, ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა, ახალ აპარატებს დაამატოს ხმოვანი სიგნალი. ფერის ცვლილების გარდა, აპარატი ხმითაც განიშნებთ, რომ მგზავრობის ღირებულება გადახდილია.
არის მეორე საშუალებაც. როდესაც მგზავრი ფიქრობს, რომ არ არის კანონიერად დაჯარიმებული, მას შეუძლია, 10 დღის განმავლობაში მოგვმართოს და გაასაჩივროს ჯარიმა. არაერთ შემთხვევაში ჩვენ დაჯარიმებული მგზავრისათვის ჯარიმა გაგვიუქმებია და კონდუქტორი ან კონტროლიორი ყოფილა შენიშვნის ობიექტი", - განუცხადეს "რეზონანსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"