"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგოინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ნელ-ნელა ვაჯამებთ გასულ წელს - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მოქნილი გაცვლითი კურსისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. ეს, შესაბამისად, აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას თავისი წვლილი შეაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, რაც, თავისთავად, გვეხმარება გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე დეფიციტის ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს აღწევდა, 2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის“, - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.