საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Scope Ratings-მა“ სს ”ნიკორა ტრეიდს” B+, ხოლო კომპანიის მიერ გამოსაშვებ ობლიგაციებს BB - რეიტინგი მიანიჭა.
საქართველოში, კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში, ”ნიკორა ტრეიდი” პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა.
„რეიტინგი ასახავს ჩვენს წარმოდგენას “ნიკორა ტრეიდზე“ როგორც წამყვან, მაღალი მომგებიანობის მქონე საკვები პროდუქტების რითეილერზე, რომელსაც ასევე გააჩნია პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერი მსყიდველობითი უნარი და ინტეგრირებული ჰოლდინგური სტრუქტურა”- აცხადებენ „Scope Ratings“-ში.
„Scope Ratings“-ი ასევე აფასებს „ნიკორა ტრეიდის“ საოპერაციო და მაკრო-ეკონომიკურ გარემოს, ამასთანავე ამ ინდუსტრიაში მოსალოდნელ კონსოლიდაციის შესაძლებლობებსა და რისკებს (იხ. Scope Ratings-ის პრესრელიზი https://www.scoperatings.com/#search/research/detail/156295EN).
სს “ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით ურუშაძის განმარტებით - „ნიკორა ტრეიდი“ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვის დივერსიფიცირებული წყაროების განვითარებაზე. ჯერ კიდევ 2016 წელს, პირველად გამოვუშვით $5 მლნ ნომინალის მქონე ობლიგაციები. აღებული ვალდებულებების წარმატებით დაფარვის შემდეგ დავიწყეთ აქტიური სამზადისი და 2018 წლის ივნისისთვის, ვგეგმავთ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული $10 მლნ-ის ექვივალენტი მოცულობის ობლიგაციების ახალ გამოშვებას საჯარო განთავსების გზით. აღნიშნულ ტრანზაქციაზე განთავსების აგენტად ავირჩიეთ თიბისი კაპიტალი, ჩვენი პარტნიორი თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო საბანკო მომსახურებები. აღიარებული გერმანული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „Scope Ratings“-ის მიერ ჩვენი კომპანიისთვის მინიჭებული რეიტინგი გახლავთ კომპანიის უმაღლესი შეფასება, რაც ხაზს უსვამს „ნიკორა ტრეიდის“ სანდოობას და ფინანსურ გამჭვირვალობას“.
სს „ნიკორა ტრეიდი“ სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი. „ნიკორა ტრეიდის“ მფლობელობაში 220-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია. 2017 წელს ნიკორა სუპერმარკეტების მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა.