2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.2 მლრდაშშ დოლარი (44.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 113.5 პროცენტია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 342.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო - 335.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 12.6 და 10.5 მლნ აშშ დოლარით. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო, ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.3 მლრდ აშშ დოლარი (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (13.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 291.4 მლნ აშშ დოლარი (755.4 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 852.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 883.5 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.7 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.6 მლრდ აშშ დოლარი (6.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარი (26.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 66.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 28.0 პროცენტია.

„2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - 2.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 291.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.