სს „ნიკორა ტრეიდს“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings” -მა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B + და ობლიგაციებს BB - მიანიჭა.
როგორც სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, BB - რეიტინგის მინიჭება ხელსაყრელია კომპანიის მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების სამომავლო გამოშვებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია.
- ბატონო დავით, როგორ მოხდა რეიტინგის მინიჭება კომპანიისთვის და რატომ დადგა ამის საჭიროება?
- სს „ნიკორა ტრეიდი“ აქტიურად მუშაობს ობლიგაციებისა და აქციების საშუალებით ფინანსური რესურსების მოზიდვაზე. პირველად, ობლიგაციები ორი წლის წინ გამოვუშვით. რამდენიმე დღეა, რაც პირველი გამოშვებით აღებული ვალდებულებები წარმატებით დავფარეთ. წლის დასაწყისში, ერთი მილიონი ცალი ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი კლასის აქციები გამოვუშვით. აქციები საჩუქრად გადაეცა ნიკორას 4000-ზე მეტ თანამშრომელს და ასევე მომზადდა საჯარო შეთავაზებისთვის. დაინტერესება ძალიან მაღალია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ლარში დენომინირებული ახალი ობლიგაციების გამოშვებაზე. ინვესტორებისთვის ობლიგაციები კიდევ უფრო მეტად მიმზიდევლი რომ გაგვეხადა, გადავწყვიტეთ აგვეღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.
ამისთვის საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings“-ს მივმართეთ, რომელმაც ჩვენი საქმიანობა შეისწავლა. „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი მიანიჭეს, ხოლო გამოსაშვებ ფასიან ქაღალდებს BB-.
- უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს საკრედიტო რეიტინგის მინიჭება და საქართველოში აქვთ თუ არა მსგავსი მაღალი შეფასება სხვა კომპანიებს?
- საკრედიტო რეიტინგი ყველა მსხვილ მსოფლიო მოთამაშე კომპანიას და მათ შორის ქვეყნებსაც გააჩნიათ. კომპანიას აფასებენ და კონკრეტულ რეიტინგს ანიჭებენ. მსოფლიოში რამდენიმე სარეიტინგო ორგანიზაცია არსებობს, რომელთა რეიტინგიც ეროვნული ბანკისთვის სანდოა. ერთ-ერთი არის „Scope Ratings“-ი“. B + საქართველოს ბაზრისთვის უმაღლესი შეფასებაა. ეს არის არა მხოლოდ შეფასება, არამედ დაფასება იმ გზის, რომელიც კომპანიამ წარმატებისა და ფინანსური გამჭირვალობის კუთხით გამოიარა. საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიაა,რომლებსაც მსგავსი რეიტინგი აქვთ მინიჭებული.
- როდის გამოუშვებთ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ლარში დენომინირებული იქნება და როგორ აპირებთ ობლიგაციების მფლობელების მოზიდვას?
- აღნიშნული რეიტინგი, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული $10მლნ-ის ექვივალენტი მოცულობის ობლიგაციების ახალ გამოშვების შესაძლებლობას მოგვცემს,რაც დაახლოებით 24-25 მილიონი ლარის ტოლფასია. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჯერჯერობით კარგად განვითარებული არ არის, ჩვენ და ჩვენნაირ კომპანიებს ეკისრება მნიშვნელოვანი მისია შევიტანოთ საკუთარი წვლილი ფინანსური ბაზრის განვითარებაში, კომპანიები ვქმნით მიწოდების მხარეს, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გააქტიუროს მოთხოვნაც. ჩვენს პარტნიორ საინვესტიციო ბანკთან ერთად ვგეგმავთ დავაინტერესოთ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ინვესტორები.
- რაც შეეხება „ნიკორას სუპერმაკეტების“ გაფართოებას, კონკრეტულად რა გეგმები აქვს კომპანიას?
- ჩვენ გვაქვს განვითარების სამწლიანი გეგმა. ჩვენი მიზანია, რომ სამი წლის შემდეგ კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზია ჰქონდეს. განვითარებას საკმაოდ დიდი კაპიტალური დანახარჯები დაჭირდება, რომელთა დაფინანსებაც მოხდება კომპანიის მიერ მოზიდული და გენერირებული სახსრების მეშვეობით. ამჟამად 220 სავაჭრო წერტილი გვაქვს, აქედან 177 დედაქალაქშია წარმოდგენილი, დანარჩენი - რეგიონებში. განვითარებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონში ერთნაირად ვგეგმავთ. რაც მთავარია, ხარისხი და მომსახურება ყველგან ერთ დონეზე იქნება.
- ხომ არ შედის კომპანიის გეგმებში კონცეფციის შეცვლა?
- კონცეფციის შეცვლას არ ვაპირებთ. ერთადერთი, რაც შევცვალეთ ეს არის, რომ სუპერმარკეტების ფორმატები შედარებით გავზარდეთ. ძირითადად, ჩვენი მაღაზიები დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული. ვაპირებთ, რომ მოთხოვნილების შესაბამისად, 600 და 1000 კვადრატულ მეტრ ფართობის მაღაზიები გავხსნათ.
სს „ნიკორა ტრეიდი“ სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი. „ნიკორა ტრეიდის“ მფლობელობაში 220-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია. 2017 წელს „ნიკორა" სუპერმარკეტების მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა.
თეონა კენჭიაშვილი
®