ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში - სოციალური, პერსონალური და სხვა კომუნალური მომსახურების გაწევა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა და უძრავი ქონება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა 4.9%-ია.
მათივე ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 250 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით მეტია 2017 წლის თებერვლის თვის მონაცემთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტის 25 პროცენტიანი, ხოლო იმპორტის 8.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საქონლის წმინდა ექსპორტის წვლილმა ეკონომიკის რეალურ ზრდაში დაახლოებით 2.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მისივე თქმით, თებერვალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.1 პროცენტით (39.4 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 166.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით, 2.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
მისი თქმით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, 20.6 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 95.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რისი თქმის საფუძველსაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა იძლევა,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი თქმით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მშპ-ს 8.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.1 პროცენტული პუნქტით - 531.3 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
„ამასთან, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის პირველადი ბალანსი (მიმდინარე ანგარიში საინვესტიციო შემოსავლების ბალანსის გამორიცხვით) დადებითია და მშპ-ს 0.8 პროცენტს შეადგენს, რაც უპრეცედენტოა და აქამდე პირველადი ბალანსის დადებითი მნიშვნელობა წლიურ ჭრილში არ დაფიქსირებულა. ეს არის ფაქტობრივად, პირველად, როდესაც მიმდინარე ოპერაციებს დანარჩენ მსოფლიოსთან სრულად ვაფინანსებთ შემოსავლებიდან და უფრო მეტიც, პროფიციტში ვართ. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება დაკავშირებულია ეროვნული დანაზოგების ზრდასთან. 2017 წელს ეროვნულმა დანაზოგებმა მშპ-ს 23.2% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.
„აღსანიშნავია, რომ საგარეო მოწყვლადობის შემცირება და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რასაც, თავის მხრივ, პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ამავე დროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებზე კიდევ უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას.
ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. მათივე ცნობით, რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა განპირობებულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით, შოკებისადმი მდგრადობითა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფით.