ევროკავშირის ქვეყნებში ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი ბოლო 6 წელიწადში 93%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც სატელევიზიო და რადიო რეკლამა ფაქტობრივად, არ იზრდება, ბეჭდური სარეკლამო ბაზარი კი მნიშვნელოვნად მცირდება.
ამასთან, 2016 წელს ონლაინ სარეკლამო ბაზრის ბრუნვამ 36,8 მილიარდი ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებლით მან უკან ჩამოიტოვა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი, რომლის შემოსავლებმა ამავე პერიდოში 31,4 მილიარდი ევრო შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც European Audiovisual Observatory-იმ მოამზადა. კვლევის სახელწოდებაა „ევროპის ონლაინ სარეკლამო ბაზარი“ და მისი ავტორია კრისტიან გრეცი, რომელმაც 2011-2016 წლების პერიოდში ევროკავშირის 20 ქვეყნის ონლაინ სარეკლმაო ბაზარი შეისწავლა.
როგორც კვლევის ავტორი წერს, ონლაინ სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, რაც ახალმა მოთამაშეებმა და სარეკლამო ტექნოლოგიებმა გამოიწვიეს. მათი განცხადებით, ბაზარზე ამ დროისთვის ორი მსხვილი კომპანიის Google-სა და Facebook-ის დომინანტობას ვაკვირდებით, რაც ერთგვარი გამოწვევაა. მისივე თქმით, ვიდეო რეკლამა მობილურ რეკლამირებასთან ერთად ყველაზე მზარდი მიმართულებებია ონლაინ რეკლამების ბაზარზე, რომლებზეც 2,7 მილიარდიანი წილი მოდის ევროკავშირის 20 ქვეყანაში.
1. ევროკავშირის სარეკლამო ბაზრის ზრდის მამოძრავებელი ონლაინ რეკლამაა
ევროკავშირის სარეკლამო ბაზარზე ონლაინ რეკლამამ ლიდერობა 2015 წელს მოიპოვა და გაასწრო რეკლამაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით სატელევიზიო სარეკლამო ბაზარს. 6 წლის განმავლობაში - 2011-2016 წლებში სარეკლამო ბაზარი ევროკავშირში 14%-ით - 88 მილიარდიდან 101,3 მილიარდ ევრომდე გაიზარდა და ამაში დიდი წვლილი ონლაინ რეკლამას უჭირავს.
ამ პერიოდის განმავლობაში ონლაინ რეკლამის ბაზარი 95%-ით გაიზარდა, კინო რეკლამის 20%-ით, სატელევიზიო რეკლამისა 9%-ით, გარე რეკლამირების 9%-ით და რადიო რეკლამების 8%-ით. ყველაზე დიდი დანაკლისი კი შეიმჩნევა რეკლამაზე ბეჭდვით მედიაში, სადაც ჟურნალებსა და გაზეთებში რეკლამების მოცულობა 29%-ით არის შემცირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე 2015/16 წლებში სარეკლამო ბაზარი შემცირდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გარდა ონლაინ, ტელევიზიის და რადიოს შემთხვევაში.
2. ონლაინ რეკლამამ სატელევიზიო რეკლამას ევროპულ დონეზე აჯობა
პარადიგმის გადასვლამ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან ინდივიდუალურ მიზნობრივ რეკლამაზე, რომელიც დაეფუძნა მომხმარებლების მონაცემებს, შექმნა ახალი პრობლემები რეკლამების შემქმნელებსა და პლატფორმებზე, სადაც ეს რეკლამებია განთავსებული.
ევროკავშირის ტელევიზიებმა დაიწყეს ალიანსების ფორმირება, რათა კონკურენცია გაუწიონ ონლაინ გიგანტებს Google და Facebook-ს, რომლებიც ბევრად უფრო მასშტაბურად მოქმედებენ და აქვთ ბევრად მეტი სამომხმარებლო ბაზა. ამგვარი მედია კავშირები სულ უფრო მეტად ჩნდებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვინაიდან გამომცემლები მიხვდნენ, რომ მათთვის აუცილებელია ძალების გაერთიანება, რათა კონკურენცია გაუწიონ ონლაინ რეკლამის ბაზარზე Google-Facebook-ს.
ინტერნეტ რეკლამამ სატელევიზო რეკლამას აჯობა ევროკავშირის უმსხვილეს ბაზრებზე. 10 ქვეყანა, სადაც ონლაინ რეკლამა სატელევიზიოს აღემატება, დაკავშირებულია ისეთ დომენებთან როგორიცაა DK, SE, GB, NL, CZ, IE, FR, DE, FI და BE. ევროკავშირის დანარჩენ 18 ქვეყანაში კი სატელევიზიო რეკლამა კვლავინდებურად ლიდერია, თუმცა რჩება კითხვა - როდემდე შეძლებს ის ლიდერობის შენარჩუნებას.
3. პროგრამული რეკლამა: კონტენტის სიუხვე და უკონტროლობა?
ონლაინ სივრცეში მონაცემთა სიუხვე რეკლამის სიუხვის ტოლფასია. პროგრამირებული რეკლამის გაჩენამდე უმეტესი ონლაინ რეკლამის შესყიდვა ხდებოდა ტრადიციული მეთოდით. კონტენტის აფეთქებამ კი გამოიწვია ხელმისაწვდომი სარეკლამო რესურსების „აფეთქება“, შედეგად გაჩნდა „პროგრამული რეკლამა“, რომელიც საშუალებას იძლევა გაყიდოს ხელმისაწვდომი სარეკლამო რესურსები.თუმცა 2016 წლიდან გავრცელდა საგანგაშო ინფორმაცია, მავნე რეკლამებთან დაკავშირებით, რომლებიც ახდენდნენ მომხმარებლების მანიპულირებას და მათი გავრცელება ხდება ისეთ საიტებზე როგორიცაა YouTube, Facebook, Twitter და სხვა პოპულარული ონლაინ პლატფორმები.
„სარეკლამო ინდუსტრიას მოუწია გათავისება, რომ საბაზრო თანასწორობისთვის, როცა კონკურენციის დიდი წილი მოდიოდა ნაციონალურ მოთამაშეებს შორის ნაციონალურ ბაზრებზე, დასრულდა და ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენს საზოგადოებაში შობს ერთის მხრივ, ახალ „გამარჯვებულებს“, (ფორმულით - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი) და მეორეს მხრივ, უფრო მეტად „დამარცხებულებს“.
კვლევის თანახმად უკვე 2016 წელს Google Inc. and Facebook Inc. აკონტროლებდნენ მსოფლიო ონლაინ რეკლამის ბაზრის 20%-ს, შედეგად კი გაიზრდა მათი როლი და გავლენა რეკლამის მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამის გამო ამერიკასა და ევროპაში ადგილობრივ მოთამაშეებს უწევთ ახალი გზების ძიება, კონკურენცია გაუწიონ და ადაპტირება მოახდინონ ონლაინ სარეკლამო ბაზარზე და შეამცირონ ამ ორი კომპანიის დომინანტური მდგომარეობა.“, - ნათქვამია ანგარიშში.
კოკა კვირკველია