MFX Broker Georgia-ს მიერ დაზარალებული 111 მეანაბრე განაჩენის მოლოდინშია. საქმე ეხება საფინანსო კომპანიის მიერ წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი, რომლებმაც საქართველო დატოვეს, დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
დაზარალებული მეანაბრეების ადვოკატი კახა მაღრაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პროცესებს საქალაქო სასამართლო აჭიანურებს და 300 მოწმიდან ამ დრომდე მხოლოდ 5 დაკითხეს.
„სულ 111 მეანაბრეა. მთლიანობაში თანხა, რომლითაც მეანაბრეებმა იზარალეს, 1,6 მლნ ლარს შეადგენს. მე 50 დაზარალებულის ადვოკატი ვარ. საქმე პირველ ინსტანციაშია და მეანაბრეები განაჩენის მოლოდინში არიან. როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს სულ 300 მოწმე ჰყავს და ოქტომბრიდან დღემდე აქედან მხოლოდ 5 დაიკითხა. სასამართლო პროცესს დროში აჭიანურებს. დაცვის მხარემ კი იმისთვის, რომ პროცესი დროში უფრო გაიწელოს, არსებულ მეანაბრეებთან ერთად, ყოფილი მეანაბრეებიც ჩართო. ჩვენი მხრიდან 106 მოწმეა დასაკითხი“, - განმარტავს მაღრაძე.
მისივე თქმით, მეანაბრეებს იმედი აქვთ, რომ საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელებს ბრალი დაუმტკიცდებათ და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
„ხელმძღვანელები, რომლებიც საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა, რუსეთში არიან გაქცეულები. არავინ მოდის მოლაპარაკებაზე, რომ მენაბარეებს თანხები აუნაზღაურდეთ. თუ ბრალი დაუმტკიცდებათ, მათზე საერთაშორისო ძებნა დაიწყება. სხვა სამართლებრივი გზა არ არსებობს. ველოდებით განაჩენს“, - აცხადებს ადვოკატი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯია"-ს და შპს „ემეფიქს გრუპის", ასევე ოფშორულ ზონაში, ბელიზში რეგისტრირებული კომპანია Master services inc-ის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს მოქალაქე მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იგორ ვოლკოვმა, 2014 წლიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, ამავე კომპანიების საშუალებით, მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით.
აღნიშნული გზით, ბრალდებულების მიერ, ნაცვლად ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად თანხების მიზნობრივად ინვესტირებისა, გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა - ჯამში 1 589 266 აშშ დოლარის ოდენობით.
მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და იგორ ვოლკოვმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში. სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოტანილია დადგენილება მათი ძებნის შესახებ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
თეონა კენჭიაშვილი