ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსურ სისტემაში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისოსტანდარტის, „ფასს 9“-ის, ეფექტიან დანერგვას - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიზნესპრესნიუსი“ ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ("ბასსს") მიერ შემუშავებული "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორის სტანდარტი 9: ფინანსური ინსტრუმენტები" ("ფასს 9"), რომელმაც ჩაანაცვლა აქამდე მოქმედი სტანდარტი "ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 39: ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება" ("ბასს 39").
ფასს 9-მ მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციის, ასევე ფინანსური აქტივების გაუფასურების აღრიცხვის პრინციპები. "დამდგარი ზარალის" (incurred loss) აღიარების მიდგომა შეიცვალა "მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის" (expected credit loss) აღიარების მიდგომით.
ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტები კანონმდებლობის შესაბამისად წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ფასს-ის მიხედვით, აღრიცხვის სტანდარტის ეს ცვლილება არსებით ზეგავლენას ახდენს ფინანსური ინსტიტუტების მიერ მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე, განსაკუთრებით ფინანსური აქტივების გაუფასურების შეფასების მხრივ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9-ის დანერგვის და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის შედარებითობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ფასს 9-ის ფარგლებში აქტივების გაუფასურების სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო ძირითადად გამიზნულია ფინანსური ინსტიტუტების სასესხო პორტფელის გაუფასურების ზარალის აღრიცხვისთვის. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო საწარმოების მიერ, საჭიროების ფარგლებში.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციის ანალიზს. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მაკროეკონომიკური და ფინანსური ფაქტორების ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციები და რისკები. ფასს 9-ის ფარგლებში ფინანსური კომპანიების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებისთვის, ეროვნული ბანკი 2018 წლიდან რეგულარულად გამოაქვეყნებს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს საპროგნოზო და რისკ სცენარებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება აღნიშნულ ცვლილებას და თვლის, რომ იგი ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. კერძოდ, ფასს 9-ის ფარგლებში, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ცვლილება, მოსალოდნელია, რომ შეამცირებს ფინანსური ინსტიტუტების პროციკლურ ქცევას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.