ქართული კულინარია და ქართული სუფრის ისეთი სავიზიტო ბარათები, როგორებიცაა: ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი დიდი ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ბევრი უცხოელისთვის საყვარელ კერძებად იქცა.
მო კუნინგჰემი ნიუ იორკელი მოგზაურია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა მსოფლიოს მასშტაბით, გატაცებულია კულინარიით და ერთ-ერთია იმ უცხოელთაგან, რომელიც შეყვარებულია ქართულ სამზარეულოზე. როგორც ირკვევა, მო წლების წინ დაქორწინებული იყო ქართველ მამაკაცზე, რომელთანაც დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ მისი დახმარებით აღმოაჩინა ქალმა ქართული კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო. მართალია, საქართველოში ჯერ არ უმოგზაურია, თუმცა დაუსწრებლად უყვარს ჩვენი ქვეყანა და ამბობს, რომ ოცნებად აქვს ქცეული ამ პატარა ქვეყნის ხილვა.
ერთ დღესაც მშვენიერმა ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები ქართული კერძების მომზადებაში გამოევლინა და ქართულ სუფრაზე საკუთარი მეგობრები მიიწვია! შემდეგ კი მის მიერ გაწყობილი სუფრა ვიდეოზე აღბეჭდა და მეგობრებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. აი, რას წერს ვიდეოს კომენტარში მო კუნინგჰემი:
"Didimadalopt! საქართველოს შესახებ ჩემი მეუღლის ელდარ შარაშენიძისგან შევიტყვე. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში! დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, მაგრამ ვრჩებით დიდ მეგობრებად. პირველად ხაჭაპურის გაკეთება ვისწავლე... ის ჩემი ჩემი დისშვილებისა და ძმისშვილების საყვარელ საჭმელად იქცა და ყოველთვის მთხოვენ მის მომზადებას, როცა სტუმრად მოდიან. ამის შემდეგ კი ელდარისგან სხვა ქართული კერძების მომზადებაც ვისწავლე. აქ არის ყველაფერი ქართული, რაც მე ასე ძალიან მიყვარს! საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს უახლოეს გეგმებში შედის ვესტუმრო ამ ქვეყანას. ეს სუფრა გავაკეთე სამეგობროს ტრადიციის ფარგლებში, როცა თვეში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ვაცნობთ ერთმანეთს. ერთხელ როცა ჩემს ამერიკელ მეგობართან ხაჭაპური ვახსენე, ის გაოცდა და მითხრა, რომ ნიუ იორკში მეგობართან ერთად აპირებდა ევახშმა ქართულ რესტორანში! მან მითხრა, რომ გიჟდება ქართულ საჭმელზე! იხილეთ სრულად