პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა.
ამ მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებზე გაამახვილა ყურადღება.
„რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2017 წელს დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე მე-19 საუკუნის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია. ჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში სულ მხარდაჭერილია 12 საინვესტიციო პროექტი 22 მილიონი ლარის ჯამური ღირებულებით. ამ პროექტების განხორციელებით შეიქმნება 300-მდე ახალი სამუშაო ადგილი. აქედან, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტით დაფინანსდა 8 სასტუმროს პროექტი, რომელთა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში შეადგინა 19 მილიონ ლარზე მეტი. დაფინანსებული სასტუმროები შექმნიან 200-ზე მეტ დამატებით ოთახს და 200-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქმნება. მათ შორის, ბაკურიანში, კოხტას მიმდებარედ 43 ოთახიანი სასტუმრო "ნოელგრანდი", სადაც დასაქმებულია 41 ადამიანი და საინვესტიციო მოცულობაა 2 მილიონ 160 ლარი. დაბა ბაკურიანში 28 ნომრიანი სასტუმრო „ბმ პლაზა“, რომლის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონ ლარამდეა, 20 ადამიანს დაასაქმებს. დაბა ბაკურიანში, დიდველთან 42 ნომრიანი სასტუმრო 3 მილიონი საინვესტიციო მოცულობით, რომელიც დაასაქმებს 40 ადამიანს.
ამასთან, ახალციხეში დაფინანსდა ბეტონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო მოცულობა 1 მილიონ 700 ათასი ლარია და დასაქმებულია 20 ადამიანი. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში დაფინანსდა საკვების მწარმოებელი საწარმო, რომელსაც დასაქმებული ყავს 22 ადამიანი. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით 676 ბენეფიციარი დაფინანსდა. ჯამში, ეს არის ოთხნახევარი მილიონი ლარი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი სამუშაოების ჯამური ღირებულებით 10 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6 741 ჰექტრით გაიზარდა. დამეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია ირიგაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 მილიონ 400 000-მდე ლარის ღირებულების 4 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ წყალუზრუნველყოფილი ფართობი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ 1 120 ჰექტრით გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები უკვე ხელშესახებია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში 19 ჰა-ზე შენდება კაკლის, ნუშის, ვაშლის ახალი ბაღები. ახალციხის მუნიციპალიტეტში გაიხსნა 3 ახალი საწარმო და გაფართოვდა 8 მანამდე არსებული საწარმო. სრული ინვესტიცია 1 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი გახლავთ. მათ შორისაა, ახალი მეფრინველეობის საწარმო სოფელ კლდეში, რომელიც დაახლოებით 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა და მასში დასაქმებულია 20 ადამიანი. დღეისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტში 100 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომლებიც „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით“ და „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ხელშეწყობით სარგებლობენ.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ხიზამ“ გახსნა რძის გადამმუშავებელი საწარმო. ჩვენ დავიწყეთ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამაში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ორცეფს“, რომელშიც გაწევრიანებულია 33 მეპაიე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 510 ჰა სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა. ეს პროგრამა დავიწყეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივ სათიბ-საძოვარზე, რათა მათ შეძლონ მაქსიმალურად ჩაერთონ სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით - მეცხოველეობის განვითარების მიმართულებაში და საკუთარი ოჯახებისთვის მიიღონ სარგებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ტყის რესურსის დაცვა და განახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ახალციხის სატყეო უბნის ურაველის სატყეოში 800 კვ.მ ფართობზე ტყის დროებითი სანერგე მოეწყო. ახალციხის სატყეო უბნის ტერიტორიაზე, 32 500 ჰა-ზე, განხორციელდა ტყის აღრიცხვის სამუშაოები, რის საფუძველზეც შემუშავდა მომავალი 10-წლიანი პერიოდისთვის ტყის მართვის გეგმა. აშენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა.
განხორციელდა 47 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, აქედან 5 სრულად რეაბილიტირდა. მიმდინარეობს 2 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიაში, რომლებიც 20 ბავშვზეა გათვლილი. დასრულდა საზოგადოებრივი კოლეჯის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების „ოპიზრის“ რეაბილიტაცია. სასწავლებელი გათვლილია 800 სტუდენტზე.
მოდულურ პროგრამებთან ერთად, კოლეჯში დაინერგა გერმანული, დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამები მეფუტკრეობის და მეცხოველეობის მიმართულებით. კოლეჯში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელი დაინერგა, რომელშიც ინტეგრირებულია ISO საერთაშორისო სტანდარტების ხარისხობრივი კომპონენტები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 6 სოფელში - სვირში, გარალეთში, განძაში, ახალდაბაში, ზანავსა და ხიზაბავრაში აშენდა ახალი ამბულატორიები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა უმაღლესი სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 16 ახალი ავტომობილით; სამცხე-ჯავახეთის რეგიონს 82 სოფლის ექიმი და 142 ექთანი ემსახურება, რომელთა ხელფასები 30%-ით გაიზარდა.
დღეის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებსა და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცა 148 დევნილ ოჯახს, საცხოვრებელი ფართობი კი, დაუკანონდა 518 დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 11 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. საჯარო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაბა ბორჯომში გაიხსნა და ფუნქციონირებს იუსტიციის სახლი, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობა. საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთსა და კუმურდოში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წალკაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში.
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი ისტორიისა და კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობას, რითაც ასე უხვად არის დაჯილდოებული ეს მხარე.
მიმდინარეობს ვარძიის კომპლექსის გადარჩენისა და განვითარების 4-წლიანი პროგრამა. იგი ერთ-ერთი მასშტაბური და მრავალდისციპლინური პროექტია, რომელიც კლდის და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, მოიცავს ძეგლის არქეოლოგიურ კვლევას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე ხორციელდება შორეთის, საფარის, თისელის, საღამოს, კუმურდოს ეკლესია-მონასტრების, აწყურის ციხისა და კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. იწყება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია-რევიტალიზაცია.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მთავრობის თანადაფინანსებით, დაიწყო სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია 27 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. პროგრამის ფარგლებში დასრულდა ახალციხის მუნიციპალიტეტში საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის კაპიტალური მშენებლობა, სადაც 7,2 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში იფარება. ამავე პროექტის ფარგლებში, ახლახანს დასრულდა ხერთვისის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
გარდა ამისა, უახლოეს ხანში დაიწყება საროს მესხური დარბაზების აღდგენა და სოფელ მირაშხანში გზის 7 კილომეტრამდე მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, იწყება აბასთუმნის ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
„დაგეგმილია ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა, პროექტის ღირებულება ორნახევარი მილიონი ლარია; ასევე დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის რეაბილიტაცია, სამუშაოებს 3 მილიონამდე ლარი მოხმარდება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დაემატა 20-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 650-ზე მეტი ოთახითა და 1650-ზე მეტი საწოლი ადგილით. მათ შორის; Crowne Plaza, Vardzia Resort Hotel-ი, Golden Tulip Borjomi, Best Western Plus Bakuriani და ა.შ. 2018-2019 წლებში კიდევ დაემატება 26 ახალი განთავსების ობიექტი 2,300-მდე საწოლი ადგილით“, - განაცხადა პრემიერმა.