"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს"

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი პარლამენტის დროებითი კომისიის ნაცვლად სასურველია, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ განახორციელოს.

როგორც ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან“ მიმართებაში პარლამენტი კონტროლის ორ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ფლობს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც განიხილავს აუდიტის სამსახურის დასკვნებს და მის საფუძველზე კომიტეტი შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე პარლამენტის დროებით კომისიას, რომელიც ათეულ წელზე მეტია, ახორციელებს აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

„ვფიქრობ, შესაძლებელია და დროა, რომ პარლამენტის დაკვეთით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი პირდაპირ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს „დიდი ოთხეულიდან“, დაახლოებით, იმავე პრინციპით და წესით, როგორც ეს ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ-ის) მხარდაჭერით ბორჯომში მიმდინარეობს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი წევრები, საქართველოს გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ასევე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სახელწიფო აუდიტის სამსახურის თანაშრომლები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ.