ქაოსურმა მშენებლობებმა, ერთმანეთზე მიჯრილმა მაღალსართულიანმა შენობებმა რომ მოიცვა დედაქალაქი და გადაადგილებაც უფრო რთულდება, ამაზე არავინ დაობს.
პრობლემების გადაჭრის მოტივით, 2015 წელს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე ფიქრი დაიწყო და ტენდერიც გამოცხადდა, სადაც "სითი ინსტიტუტმა" გაიმარჯვა - სწორედ მას დაევალა გენერალური გეგმის შემუშავება, თუმცა მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ჯერ კიდევ გაურკვეველია, ბოლოს და ბოლოს, ექნება თუ არა დედაქალაქს განვითარების გეგმა.
"კვირის პალიტრას" თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესაუბრა:
მერია: "მივიღებთ ქაოსსა და მოქალაქეების დაპირისპირებას"
- დღეს მთავარია გვქონდეს კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი - თუ გენგეგმას ამ ფორმით მივიღებთ, რამდენად გვექნება მისი შესრულების შესაძლებლობა და რამდენად რეალურია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ხედვები. მაგალითად, გენგეგმის პროექტში არ არის გაანალიზებული კერძო ქონების საკითხი. თუ გენგეგმას ამ ფორმით დავამტკიცებთ, დიდი რისკის წინაშე აღმოვჩნდებით ათიათასობით მოქალაქის ქონებრივი უფლების დაცვის თვალსაზრისით - პროექტში ათიათასობით კერძო საკუთრებას ადევს ლანდშაფტური, სატყეო და ისეთი შეზღუდვის ზონები, რის გამოც კერძო საკუთრების ან მინიმალური განვითარებაა შესაძლებელი, ან დაუშვებელია.
- "სითი ინსტიტუტი" ამას იმით ხსნის, რომ ტერიტორიებს, სადაც, მაგალითად, რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა გენგეგმაში, მშენებლობა დაუშვებელია მეწყრისა თუ სხვა სეისმორისკების გამო. გამოდის, თქვენთვის დღეს ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე პრიორიტეტულია რისკი, რომ შესაძლოა ზონირების ცვლილების გამო დეველოპერებმა საჩივრებით მიმართონ მერიას და კომპენსაცია მოითხოვონ?
- შესაფასებელია, რა კვლევებზე დაყრდნობით გადაანაწილეს ზონირება, თუმცა გენგეგმის პროექტის ავტორებს საუკეთესო სურვილებიც რომ ჰქონდეთ, როგორც კი საქმე შეეხება კერძო საკუთრებას, აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, რა ტიპის ქონებასთან გვაქვს საქმე.უნდა შემუშავდეს სტრატეგიაც - უნდა გამოვისყიდოთ კერძო ქონება თუ ჩანაცვლება მოხდეს. დავუშვათ, მოქალაქეები საკუთრებას ფლობენ ან ცხოვრობენ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ეს მოცემულობა მაინც არ გვაძლევს უფლებას, ხელის ერთი მოსმით, მხოლოდ ზონირების სტატუსის შეცვლით გადავჭრათ პრობლემა, თორემ მეორე დღესვე ათიათასობით მოქალაქეს ექნება უფლება გვიჩივლოს და მინიმუმ კომპენსაცია მოითხოვოს მერიისგან.
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ მერიასა და "სითი ინსტიტუტს" შორის მთავარი პრობლემა გაურკვევლობაა, თუ ვის რა ფუნქცია ენიჭება - კომპანია, რომელიც გთავაზობთ ქალაქის განვითარების კონცეფციას, ვალდებულია მოქმედების სტრატეგიაც წარმოგიდგინოთ მესაკუთრეებთან მოლაპარაკებისთვის? მაშინ, რისთვის გაქვთ ქონების მართვის ან სხვა ათობით სამსახური, თუ ეს სტრატეგია თქვენთვის "სითი ინსტიტუტს" უნდა წარმოედგინა?
- მე ვამბობ, რომ გენგეგმის განახლების ავტორებს მოქალაქეების საკუთრებაზე ზონირების გადანაწილებამდე უნდა გაეანალიზებინათ განსახლების სტრატეგია და პრიორიტეტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტის მიღებით, სადაც უგულებელყოფილია კერძო საკუთრება, მივიღებთ ქაოსსა და მოქალაქეების დაპირისპირებას.- დავაზუსტებ, ანუ, მთავარია, არ განაწყენდნენ კერძო მესაკუთრეები და თუნდაც მივცეთ მეწყრულ ზონაში მშენებლობის უფლება?
- გენგეგმამ უნდა მითხრას, რა შემიძლია მეთოდოლოგიურად გავაკეთო. მათ შორის, უნდა წარმოადგინოს სავარაუდო ფასები მაინც, რა ხარჯთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ გადავხედავ, რესურსებიდან გამომდინარე, რისი შესაძლებლობა მაქვს.- მაშინ სულ ცოტა ხნის წინ როგორ შეაჩერეთ მშენებლობა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც კერძო მესაკუთრეებს ნაკვეთები ჰქონდათ შეძენილი მშენებლობისთვის?
- ლისის ტბაზე ზონები კი არ შეგვიცვლია, ვთქვით, რომ უნდა შემოწმდეს სატრანსპორტო თუ სხვა კუთხით ტერიტორია, სანამ მშენებლობის ნებართვა გაიცემა. ვთქვით, რომ თავად შევისწავლით საკითხს და თავად დავადგენთ წესებს, როგორ განვითარდეს ამ ნაწილში დედაქალაქი. ის, რომ მიწა საკუთრებაში გაქვს, არ ნიშნავს, რომ მერიამ მშენებლობის უფლება უნდა მოგცეს. ჩვენ გვაქვს უფლება პირობები წავუყენოთ დეველოპერებს, მაგრამ სხვა პრობლემა ჩნდება, როდესაც მთლიანად კერძო საკუთრებას სატყეო ზონის სტატუსი ეძლევა.- რეალურად, მერიას ხომ არ სურს თავად ჰქონდეს პირობების წამოყენებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ბერკეტი, რისი შესაძლებლობაც არ გექნებათ გენგეგმის მიღების შემთხვევაში? ოპოზიცია ბრალს სწორედ იმაში გდებთ, რომ მერია დეველოპერების ინტერესებს იცავს, რომლებმაც გენგეგმის მიღების შემთხვევაში შეიძლება ვერ შეძლონ მშენებლობის ქაოსურად გაგრძელება.
- დავუშვათ, უკვე მონიშნული მაქვს ადგილი, სადაც თავად მაქვს ინტერესი და მიზეზების გამოძებნა მინდა, როდესაც ვამბობ, რომ გენგეგმაში კერძო საკუთრება არ არის დაცული, ამის საწინააღმდეგო კონტრარგუმენტი არსებობს?
- გენგეგმის მიღება არ ნიშნავს, რომ ხვალვე უნდა დაიწყოთ მეწყერსაშიში ტერიტორიებიდან კერძო ქონების გამოსყიდვა, დოკუმენტი 2030 წელზეა გათვლილი და მის ეტაპობრივ შესრულებას ითვალისწინებს.
- გენგეგმის საიტზე ატვირთვისთანავე კერძო მესაკუთრე ნახულობს, რა ფერი დაედო მის ნაკვეთს რუკაზე და რისი უფლება აქვს.
- რა ინტერესი ჰქონდა მაშინ გენგეგმის ჯგუფს, რომ შეემუშავებინა ხარვეზებიანი დოკუმენტი? თუ ამბობთ, რომ პროექტი არ ითვალისწინებს დედაქალაქში არსებულ რეალობას, გამოდის, არამიზნობრივად დაიხარჯა 2 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
- გენგეგმის ხუთი პუნქტი წინა ხელმძღვანელობამ ჩაიბარა და ჩვენთვის ეს დოკუმენტები აბსოლუტურად მისაღებია. ახლა ლაპარაკია მეექვსე პუნქტზე, რომელთანაც გვაქვს შენიშვნები. ბოლო ეტაპზე გადასახდელია 800.000 ლარი, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მალე გახდება ცნობილი. რაც შეეხება "სითი ინსტიტუტის" ინტერესს, გამოვრიცხავ, რომ ვინმეს ბოროტი განზრახვა აქვს, თუმცა იმდენად სერიოზული შენიშვნები გვქონდა, რომ გამოსასწორებლად რესურსი არ ეყოთ."სითი ინსტიტუტი": "ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე სახლების აშენება საშიშია"
მამუკა სალუქვაძე, "სითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი: - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მერიას არ სურს გენგეგმის მიღება, თუმცა იმედია, საბოლოოდ მაინც დავამტკიცებთ.
იმის გამო, რომ თბილისის მერს იმ პირებისგან, რომლებთანაც ხშირი კომუნიკაცია აქვს, ჩვენზე ცუდი ინფორმაცია მისდის, პროექტის დამტკიცება არ უნდა ჩავარდეს - ეს მოქალაქეებისა და დედაქალაქისთვის იქნება დამაზიანებელი.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 2 აპრილის ნომერში