"გენ გეგმის" კონცეფცია "კომპაქტური ქალაქი" არის ჩიხისკენ მიმავალი გზა", - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაამტკიცოს თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული "გენ გეგმა" როგორც ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დოკუმენტი ქალაქმა არ უნდა გამოიყენოს, სამშენებლო რეგულაციების და შეზღუდვების კომპონენტში იქ ბევრი სასარგებლო რამ წერია.
1. ყველაზე მთავარი, "კომპაქტური ქალაქი" - "სითი ინსტიტუტი" კონცეფციის დონეზე გვთავაზობს, რომ ქალაქმა უნდა შეწყვიტოს საზღვრების გაფართოება და მხოლოდ შიგნით განვითარდეს, რაც პირადაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ორგანიზაციის HUB Georgia-ს მიზნებს - საქართველო გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური, საგანმანათლებლო, მულტიკულტურული, სპორტული, ტურისტული, სამედიცინო, სავაჭრო, ფინანსური, სამრეწველო, ინდუსტრიული და ბიზნეს ჰაბი. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მისი დედაქალაქი, თბილისი გახდება მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის, ყოველწლიურად გაიზრდება მუდმივად მცხოვრები და დროებითი ვიზიტორების რაოდენობა, რაც გაზრდის მოთხოვნას ახალ საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებზე. იმისთვის, რომ არ დაირღვას მოთხოვნა მიწოდების ბალანსი, საჭიროა ახალი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების მქონე ობიექტების აქტიური მშენებლობა, რაც შესაძლებელია ახალი უბნების შექმნით, ახალი უბნების შექმნა საზღვრების გაფართოების გარეშე წარმოუდგენელია. მეტიც, საზღვრების გაფართოების გარეშე ურბანულმა განვითარებამ მიგვიყვანა იქ სადაც დღეს ვართ. (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ამის ნათელი მაგალითია) აღსანიშნავია, იდეა საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი, ეს ნიშნავს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, პენსიის ზრდას, უკეთეს სოციალურ პირობებს, შანს ყველასთვის, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გახდნენ მდიდარი სახელმწიფოს მდიდარი მოქალაქე. ამ დროს რას გვთავაზობს "სითი ინსტიტუტი" ? - თბილისი თბილისელებს? ქალაქი აღარ განვითარდეს? ვინც ვართ საკმარისი ვართ? ვიყოთ ჩამორჩენილი ქალაქი ეკონომიკური განვითარების გარეშე?
დასკვნის სახით, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ შემოთავაზებული "გენ გეგმის" კონცეფცია "კომპაქტური ქალაქი" არის ჩიხისკენ მიმავალი გზა, მხოლოდ ქართული მარშის "იდეოლოგიის" მქონე ადამიანს შეეძლო დაეწერა ეს. დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვათ ის რაც სიმართლეა, შემიძლია აღარ გავაგრძელო, მაგრამ თუ ეს არგუმენტი არ არის საკმარისი დავამატებ.
2. „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ "გენ გეგმაში" საუბარია ქალაქიდან რკინიგზის გადატანაზე - თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია: სანამ ქვეყანას არ ექნება ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტი, რაგიონულ ჭრილსი შემუშავებული სტრატეგია, გრძელვადიანი განვითარების გეგმა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი - საქართველო გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და ყველა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი არ დაიგეგმება ამ სტრატეგიის გათვალისწინებით, მსგავსი გაუაზრებელი გადაწყვეტილებები ჩიხში შეგვიყვანს, ისეთ ჩიხში საიდანაც შეიძლება 100 წელი კიდევ ვერ გამოვიდეთ. გამოსავალი არსებობს, HUB Georgia-ში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ტრანსპორტის პოლიტიკის კონცეფციაზე, გასატარებელი რეფორმების ნუსხაზე, რომელსაც მალე წარმოგიდგენთ.
3. „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ გენ გეგმაში, კონცეფცია: "კარგად შეკავშირებული ქალქი" -სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია სუსტია,ის ვერ პასუხობს პირველ პუნქტში აღწერილ გამოწვევებს. არ ჩანს გრძელვადიანი განვითარების გეგმა, თუმცა ზოგადად იდეა,
გამონაბოლქვის შემცირება და ქვეითებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა, მისასალმებელია. დასკვნის სახით: საჭიროა თბილისის სატრანსპორტო სისტემის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
4. „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული "გენ გეგმის" შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და თანამონაწილეობა იყო მინიმალური. პროცესში არ იყო ფართოდ წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სხვა. მაშინ როცა საუბარია ქალაქის გრძელვადიან განვთარების გეგმაზე, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთეულ პოლიტიკურ პარტიებს, ის ვინც 2021-2025, 2025-2029 წლებში იქნება თბილისის მთავრობაში, ისიც ამ "გენ გეგმით" უნდა ხელმძღვანელობდეს. აქედან გამომდინარე სამუშაო პროცესში, პერიოდულობით უნდა ყოფილიყო საჯარო განხილვები და დისკუსიები, შედეგად მეტი ეფექტიანობის მქონე დოკუმენტს მივიღებდით და შეკითხვაც ნაკლები იქნებოდა.
5. თავად დოკუმენტიც არ არის გამჭირვალე, საზოგადოება არ იცნობს კარგად იმ ექსპერტებს ვინც დოკუმენტზე მუშაობდა, უცნობია მათი კვალიფიკაცია, ხედვა, გამოცდილება და ა.შ. საქართველოს დედაქალაქის განვითარების გეგმაზეა საუბარი, ბოლოსდაბოლოს.
6. რაც შეეხება „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული "გენ გეგმის" მწვანე ქალაქის კონცეფციას, ეს ყველაზე მეტად სასარგებლო კომპონენტია, თუმცა ტრანსპორტის როლი მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი. საჭიროა ტრანსპორტის კომპონენტის სიღრმისეული შესწავლა, განსაკუტრებით ქალაქგეგმარების და მშენებლობის დროს.
დასკვნა: თბილისს, როგორც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ როგორც რეგიონის დედაქალაქს, მსოფლიო მიზიდულობის ცენტრს, რეგიონულ ჰაბს, სჭირდება მეტად ამბიციური გენერალური განვითარების გეგმა. რომელიც უნდა შემუშავდეს აღნიშნული "გენ გეგმის" გამოყენებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და დაინტერესებული ჯგუფების ფართო ჩართულობით. რაც მთავარია, მუდმივი განვითარების ამბიციით !", - წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.