ნიდერლანდები გაზის მოპოვებას ამცირებს

2030 წლისთვის ნიდერლანდებში მუშაობას შეწყვეტს მთელს დასავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი გაზის საბადო, რომელიც გრონინგენის პროვინციაში მდებარეობს.

ამის მიზეზად ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში გახშირებულ მიწისძვრებს ასახელებს.

გრონინგენში გერმანიის საზღვართან გაზის მსხვილი საბადოებია, თუმცა რეგიონში ძალიან გახშირებულია მიწისძვრები. მათ გამო რეგიონში ათასობით სახლი დაზიანდა, ქვეყნის ხელისუფლებამ კი გაზის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მორიგი 3,4 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ მიიღო.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, უკვე 2022 წლისთვის აღნიშნულ საბადოზე გაზის წარმოება შემცირდება 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში, მაშინ, როცა გასულ წელს აქ 23,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოება მოხდა, ხოლო 2013 წელს ამ ციფრზე ორჯერ მეტის.

ქვეყნის გაზით მომარაგებისათვის რეგიონში დაგეგმილია ქარხნის მშენებლობა, რომელიც მოახდენს მაღალკალორიული გაზის გადამუშავებას, მისი შემდგომი გამოყენებისთვის. ასევე შემცირდება გაზის ექსპორტი გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში.

კოკა კვირკველია