ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათების დაწესების შესახებ დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა.
სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესების შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდის. მზადყოფნას თავად საქართველოს მთავრობა და ქართველი კომპანიები გამოთქვამენ. ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული რეკომენდაციებიც აქვთ, რომელიც მთავრობას უკვე გააცნეს.
ამასთან, რამდენიმე თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 10%-იანი შეღავათი დაწესდება. თუმცა ამ დრომდე მთავრობას შესაბამისი დადგენილება არ გამოუცია, ბიზნესი კი შეღავათების მინიჭების მოლოდინშია.
ლევან სილაგავას ინფორმაციით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, რა პირობები ჩაიდება დადგენილებაში.
„აღნიშნულის შესახებ მთავრობამ რამდენჯერმე დაანონსა. ველოდებით, რომ რაიმე მექანიზმი შემუშავდება. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება, რას გადაწყვეტს მთავრობა. იყო რამდენიმე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან სხვა თემებზე და ეს თემაც ვახსენეთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დადგენილების პროექტს ამზადებენ, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, როგორ მოხდება ეს. ბევრი დეტალია დასამუშავებელი და დასადგენი, როგორ დაწესდეს შეღავათი. ასევე, ვის დაევალება კონტროლი პროდუქციის ხარისხის, ფასის შესაბამისობის და ა.შ.“, - აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, 10%-იანი შეღავათი გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში არა აუცილებლად 10%-იანი შეღავათი ექნებათ, არამედ 10%-მდე ფარგლებში.
„ეს არის ჩვეულებრივი მოდელი, რომელიც ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და ადგილობრივებს 10%-მდე შეღავათი ეძლევათ. ანუ ეს შეიძლება იყოს 1, 2, 3 პროცენტი და ა.შ. 10%-ის ჩათვლით. თუკი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და ფასი უცხოური კომპანიის ანალოგიურია, ასეთ შემთხვევაში ქართულ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს გარკვეული შეღავათი. გამონაკლისს არავინ ითხოვს, უპირატესობა უნდა იყოს მაშინ, როცა ფასი და ხარისხი ადეკვატურია“, - აღნიშნავს სილაგავა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებზე ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იხარჯება. ლევან სილაგავას განცხადებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქართული კომპანიების წახალისება, რომ აღნიშნული თანხები ქვეყანაში დარჩეს.
„საუბარია მთლიანი ბიუჯეტის 1/3-ზე. შესყიდვების უმეტესობას რომ უცხოური კომპანიები იგებენ, ეს თანხები ქვეყნის გარეთ გადის, რაც მოქმედებს ვალუტის კურსზე, ბიუჯეტზე და ბევრ ფაქტორზე. ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ ვითხოვთ შეღავათს, რომ ბიზნესს გარკვეული წახალისება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ქართული კომპანია თუ ტენდერს მოიგებს, ფულიც ქვეყანაში დარჩება, სამუშაო ადგილებიც გაჩნდება და ბიუჯეტში შენატანიც გაიზრდება“, - განმარტავს ლევან სილაგავა.
თეონა კენჭიაშვილი