ჩვენი გუნდის აზრით, ამ ეტაპისთვის ეს არის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა "სითი ინსტიტუტთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
ილია ელოშვილი მიიჩნევს, რომ მერიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება, ერთობლივი ინტენსიური მუშაობის პირობებში, 2 თვის ვადაში შესაძლებელია.
ილია ელოშვილის განცხადებით, ეს არის საბოლოო ვადა, რომელიც შენიშვნების გამოსასწორებლად "სითი ინსტიტუტს" მიეცა.
"ჩვენ არ გვინდა, რომ "სითი ინსტიტუტის" მიერ გაწეული შრომა დაიკარგოს და წყალში გადაიყაროს. გვინდა ვიყოთ სამართლიანები და შესაბამისად, გვინდა მათთან ვითანამშრომლოთ. 2 თვე არ არის ისეთი გრძელი ვადა, რომ ვერ მოითმინოს ქალაქმა, მოსახლეობამ და ჩვენც. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც დავაფიქსირეთ, ძალიან ინტენსიური მუშაობის პირობებში 2 თვის ვადაშია შესაძლებელი", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სითი ინსტიტუტს“ მიეცეს დრო თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის დადებაში.