ბათუმში „თეთრი იალქნების“ კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის იანვარში დასრულდება

მულტიფუნქციური კომპლექსი White Sails Residence („თეთრი იალქნები“), რომელიც ბათუმში შენდება, 2019 წლის იანვარში დასრულდება და ეტაპობრივად, ჯერ საცხოვრებელი კორპუსები, შემდეგ კი სასტუმროები გაიხსნება.

პროექტს კომპანია ARmeridans ახორციელებს. როგორც ცნობილია, კომპლექსი შედგება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და 5 აპარტჰოტელისგან.

ARmeridans-ის წარმომადგენელი ქეთი დოჭვირი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლომდე კომპლექსი მთლიანად გაიხსნება.

„ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დასრულდება, ეს ეხება საცხოვრებელ სახლებს. სასტუმროები კი 2019 წლის ბოლომდე გაიხსნება. ორი კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, ორის შემთხვევაში კი ნახევარზე მეტი აშენებულია. უახლოეს დღეებში სამი დარჩენილი შენობის - ორი სასტუმროს და ერთი აპარტჰოტელის მშენებლობასაც დავიწყებთ. საკმაოდ დიდი კომპლექსია და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“, - აცხადებს დოჭვირი.     

bpn

რაც შეეხება ბრენდს, რომელიც კომპლექსის მმართველობაში შემოვა, ARmeridans-ის წარმომადგენლის თქმით, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიას საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებები აქვს. აქამდე ცნობილი იყო, რომ მართვას საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი Interstate Hotels and Resorsts განახორციელებდა, რომელიც საქართველოში პირველად შემოვიდოდა. თუმცა ქეთი დოჭვირის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

„Interstate Hotels-სთან პირობებზე ვერ შევთანხმდით და ახლა სულ სხვა ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც ასევე საერთაშორისოა და საქართველოში ჯერ წარმოდგენილი არ არის. სრულიად ახალი და ცნობილი ბრენდი იქნება. ჯერჯეობით გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის, ამიტომაც დეტალებს ვერ გავამხელთ”, - აღნიშნავს დოჭვირი.

bpn

ქეთი დოჭვირის თქმით, კომპლექსის როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი ნაწილი, მაღალი კლასის სეგმენტზე გათვლილი იქნება.

ამასთან, ARmeridans წარმომადგენელის თქმით, აპარტჰოტელების გარკვეული ნაწილი უკვე გაყიდულია. მყიდველთა 20-25% ქართველია, ზოგი ადგილობრივი, ზოგიც ემიგრანტი.

„ჩვენი გაყიდვების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპლექსი ინტერნაციონალური იქნება. მყიდველებს შორის არიან ქართველები, ძირითადად ემიგრანტი ქართველები. ასევე, ჩეხები, პოლონელები, იტალიელები, ბრიტანელები, უკრაინელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე არცერთი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან უმრავლესობაში ან რადიკალურად დიდი რაოდენობით. საშუალოდ მყიდველების 20-25 % არის წარმოშობით ქართველი, რაც დარწმუნებული ვართ მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც უფრო მივუახლოვდებით მშენებლობის დასრულების პერიოდს“, - აცხადებს ქეთი დოჭვირი.

რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, მისი ინფორმაციით, თავდაპირველად დასახელებული თანხა - 30 მილიონი დოლარი, შესაძლოა, გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც ბრენდი დაზუსტდება, სრული ინვესტიციის რაოდენობაც გახდება ცნობილი.

bpn

კომპლექსი ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანია ARmeridans-მა ბათუმში 29 445 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით 2 091 000 აშშ დოლარად 2015 წლის მაისში შეიძინა. ARmeridans-მა White Sails Residence-ის („თეთრი იალქნები“), მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.

ორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ხუთი აპარტჰოტელის გარდა, კომპლექსი ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, ასევე, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს მოიცავს.

თეონა კენჭიაშვილი

bpn