სავაჭრო ომის მოლოდინი დოლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს

ახალი სავაჭრო კვირა დოლარის ინდექსმა კლებით დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ჩინეთის საპასუხო ქმედება ამერიკის მიმართ, რომლითაც ჩინეთმა ამერიკაში წარმოებულ 128 პროდუქტზე საბაჟო გადასახადები 25 პროცენტით გაზარდა.

ეს ყველაფერი ინვესტორებს მსოფლიო სავაჭრო ომის შიშს უძლიერებს.

ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი ვალუტისადმი მის საშუალო კურსს ასახავს, 0.16 პროცენტით, 89.61-მდე შემცირდა. ამასთან, ამერიკულ ვალუტაზე გარკვეულად უკვე მოქმედებს ის გარემოებაც, რომ კვირის ბოლოს შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკა გამოქვეყნდება, რომელიც აღმავლობის გზაზეა.

დოლარმა პოზიცია გაიუმჯობესა იაპონურ იენთან, რომელთან წყვილშიც, გასულ კვირაში ბოლო 16 თვის მინიმუმზე დავიდა. ზრდამ მხოლოდ 1.36 პროცენტი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 დოლარის ფასი 106.31 იენამდე გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ორმა კორეამ მოლაპარაკება დაიწყო, რაც ასევე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალსაც შეეხება.

მცირე ცვლილებაა დოლარისა და ევროს წყვილში, სადაც 1 დოლარის ფასი 1.2321 ევროს არეალშია. ევროპული ბაზრები სააღდგომო დღესასწაულისას დახურულია და იქ აქტივობა მინიმალურია.

დოლართან წყვილში ზრდა სცადა სტერლინგმა, თუმცა 1.4076-ზე მაღლა ასვლა ვერ შეძლო. სტერლინგზე კვლავაც მოქმედებს იმის მოლოდინი, რომ ინგლისის ბანკი მალე მასზე საპროცენტო განკვეთის აწევის ციკლს დაიწყებს. გარდა ამისა, ბრექსიტის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ბრიტანული ეკონომიკის სტაბილური აღმავლობის პერსპექტივას ზრდის.