სავარაუდოდ, კორუფცია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არის.
კორუფცია არის განვითარებული დემოკრატიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი და სამხრეთ კორეა. ამას გახმაურებული კორუფციული საქმეები ადასტურებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გადადგომაც ამის მაგალითია. აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. იქ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და, რაც მთავარია, დამოუკიდებელია.
ის არ კონტროლდება არც პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის, არც არაფორმალური მმართველის, არც ,,მურუსიძის" ჯგუფის მიერ. ამდენად, არავინ დგას კანონზე მაღლა. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციული ფაქტები უაღრესად რთული გამოსაძიებელია, სათანადო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, ზემოხსენებულ ქვეყნებში საქმე ყოველთვის ბოლომდე მიდის. იქ ვერანაირი პოლიტიკური ჯგუფი თუ ფინანსური მაგნატები ვერ შეძლებენ მართლმსაჯულების აღმასრულებელთა მოსყიდვას და მათზე ზეწოლას. საქართველოში ასეთი გარემოებები არ არსებობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციული გარიგებების არსებობის ალბათობა მაღალია. ამ დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოქმედი პოლიტიკოსის ან მაღალი რანგის ფუნქციონერის კორუფციაში მხილების ფაქტი არ არსებობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართულ დემოკრატიას კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
კორუფცია ის მრავალთავიანი ურჩხულია, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას ადრე თუ გვიან გამოიწვევს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ მიიღოს პასუხი კითხვაზე – არის თუ არა ასეთი ფაქტები ჩვენს სინამდვილეში და საზოგადოების ეჭვის შემთხვევაში ხდება თუ არა მათი ობიექტური გამოძიება.
რამ გააჩინა კითხვები
საზოგადოებას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაფიქსირდა უხარისხო გზების დაგების ფაქტები (თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ქობულეთის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი). შარშან ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობამ 1.2 მილიარდს მიაღწია, წელს 1.8 მილიარდია გათვალისწინებული. დაგებული გზების ხარისხი კი აშკარად დაბალია. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი არაეფექტური. მონიტორინგის განმახორციელებელი ხორვატული კომპანია თავის საქმეს თავს აშკარად ვერ ართმევს. ეს მოსალოდნელიც იყო თუ გავითვალისწინებთ, რომ ტენდერში გამარჯვების დროისთვის ეს კომპანია გაკოტრების რეჟიმში იყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჩინური ,,სინოჰიდრო", ,,რკინიგზა 23" და ასე შემდეგ, საზოგადოების უკმაყოფილებას აინუნშიც კი არ აგდებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცალსახად და პრინციპულად უარყოფს ფაქტებს და კრიტიკას. მედიის და არასამთავრობო სექტორის ინიციატივებს (,,აიპრესი", აფბა და სხვები) სრული იგნორირება მოჰყვა. მინისტრ ალავიძეს შეეძლო სიტუაციის გამოსწორება, ვითარების ანალიზს და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას თავად, რომ ჩადგომოდა სათავეში, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად გაეწია კონტროლი პროცესის მიმდინარეობისათვის. ასე არ მოხდა, რასაც მოჰყვა მინისტრ ალავიძის გადაყენება, საკმაოდ უცნაური ფორმულირებით – კარგი მუშაობის შემდეგ მინისტრ ალავიძის ბიზნესში დაბრუნება. ეს, ცხადია, საზოგადოებისთვის სარწმუნო არ არის. გაუგებარია, რატომ გადააყენეს მინისტრი, თუ სისტემაში ყველაფერი რიგზეა და თუ ეს ასე არ არის, რატომ დარჩა თანამდებობაზე საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე, რომელიც პასუხისმგებელია ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და დღემდე უარყოფს სფეროში სერიოზული დარღვევების არსებობას.
,,ევროპელი ქართველები" არენაზე
მინისტრ ალავიძის გადადგომის კვირაძალს არენაზე ,,ევროპელი ქართველები" გამოჩნდნენ, რომლებმაც იმავე ფაქტებით და დასკვნებით, რომლითაც ხელისუფლებას მედიასაშუალებები და არასამთავრობო სექტორი მიმართავდა, ხელისუფლებას მოუწოდეს სფეროში არსებული კორუფციული სქემებისა და ფაქტების შესწავლისკენ. ისმის კითხვა, რატომ მათ? მავანს ხომ არ აძლევს ხელს, რომ კორუფციულ სისტემას ებრძოდნენ ყოფილი ,,ნაციონალები", რომელთა მმართველობის დროსაც ქვეყანაში ყვაოდა ელიტური კორუფცია. ხომ არ ხდება ამით თემის დისკრედიტაცია? ასეა თუ ისე, ობივატელისთვის ძნელად სარწმუნოა, რომ ეს ბატონები, რომლებიც წლების განმავლობაში ხმას არ იღებდნენ ქვეყანაში დაფიქსირებული ელიტური კორუფციის, მინისტრ კეზერაშვილის გამილიარდერების და სხვა ფაქტების თაობაზე, უცებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მედროშეებად მოგვევლინენ. ახლა საზოგადოებას სხვა რაღა დარჩენია, უნდა ველოდეთ, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ფაქტებს მთელი პრინციპულობით შეისწავლის და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეალური სურათის შესახებ.კორუფცია საქართველოში
ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის 26-27 წელი ძალიან ცოტაა. მით უმეტეს, შევარდნაძის მმართველობის ხანაში კორუფცია ფაქტობრივად სისტემური იყო, სააკაშვილის პირობებში მან მასშტაბური ელიტური ფორმა მიიღო. ივანიშვილის ხელისუფლებამ მკაფიოდ დააფიქსირა ამ მიმართებით თავისი პოლიტიკური ნება, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის გამო კორუფციის დაშვების რისკები საკმაოდ მაღალია. ამას ვერ შეცვლის სამოხელეო დანაშაულის და ქრთამის მიმართ პრინციპული და დაუნდობელი დამოკიდებულება. თუ დემოკრატიის ხარისხი დაბალია, კორუფციის თავიდან არიდების შანსი მცირეა. ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მისი აღმოფხვრა სრულად შეუძლებელია, მაგრამ სადაც მის ალაგმვას ვერ ახერხებენ, ცხოვრების დონე და ხარისხი შესაბამისად დაბალია. კორუფცია არის, არამარტო კორუფციული სქემების მხილება, კორუფციული დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, არამედ კორუფციული გარიგებების დაშვების მაღალი რისკი. ასეთი რისკების წინააღმდეგ მთავრობას და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ დეკლარირებული პოლიტიკური ნება, არამედ რეალური და ქმედითი პროგრამა. განსაკუთრებით მოწყვლადია ბიზნესის და ხელისუფლების ურთიერთობის თემა, რასაც კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ოფშორების არსებობა და მასშტაბური ტენდერების მოგება იქ დარეგისტრირებული კომპანიების მიერ. ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ჯერჯერობით სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.ალავიძე მიდის, სეთურიძე რჩება, ანუ ყველას ყველაფერი შერჩება
ახლა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის სახელები და გვარები სულ ერთია. ჩვენთვის მთავარია დავრწმუნდეთ, რომ ბიუჯეტის ფული, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები, ანუ ჩვენი და ჩვენი გადასახდელი ფული ხუთი, ათი ან თუნდაც ორმოცდაათი ადამიანის ან ოჯახის ჯიბეებში არ ილექებოდეს და ჩვენ დანგრეული გზები არ დაგვრჩეს მხოლოდ.აქ პერსონალიები – ალავიძე, სეთურიძე თუ უფრო მაღლა არ არის მთავარი, მთავარია საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს და მივიღოთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა კორუფცია ამ სფეროში, აქვთ თუ არა მისდამი კონკრეტული მიმართება ამ ადამიანებს და კიდევ ბევრ სხვასაც. საზოგდოებას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ბიუჯეტიდან თითოეული ლარი სასიკეთო საქმეს ხმარდება.
იმედია, ეს ყველაფერი მინისტრთან დამშვიდობებით არ შემოიფარგლება და ჩვენ მივიღებთ სარწმუნო პასუხებს დასმულ კითხვებზე.
გიორგი კაპანაძე
წყარო: „ბანკები და ფინანსები"