კომერციული ბანკებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებიდან სესხს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს.
მეტიც, ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი 2 ან მეტი კრედიტით სარგებლობს.
მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე მიუთითებს „კრედიტ-ინფოში“ არსებული ჩანაწერების რაოდენობაც.
„კრედიტ-ინფოს“ სტატისტიკური მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის კი ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი.
მართალია, 24,6 მილიონში ზოგი სესხი უკვე დაფარულია, თუმცა ფაქტია, რომ ზრდა დიდია. დღეის მდგომარეობით, სულ აქტიური 5 880 113 სესხია.
ამასთან, ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს ბაზაში ჩანაწერი სულ 2 537 374 ფიზიკურ პირსა და 94 193 იურიდიულ პირზე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს და კომპანიას გააჩნია.
ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 68,2% სარგებლობს.