დიდი ალბათობით, თბილისის მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ახალ მფლობელს -"საქართველოს ინდუსტრიალ ჯგუფს", მოუწევს ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის გაღება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში თბილისის აბონენტებისთვისაც დადგება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რეგიონებში გაზის ტარიფი შარშან გაძვირდა. არსებობს მოლოდინი, რომ შემდგომი ზამთრისთვის გადასახადი დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც მოიმატებს.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო. "საქრათველოს ინდუსტრიალ ჯგუფში" "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია კომპანიის სატარიფო პოლიტიკაც.
"სიტუაციას ვსწავლობთ. რეალურად ამ ეტაპზე შეუძლებელია განცხადება ქსელის რეაბილიტაციისა და მით უმეტეს ტარიფთან დაკავშირებით. ეს და რამდენიმე სხვა საკითხი მოლაპარაკების ეტაპზეა და მოგვიანებით გახდება ცნობილი. კონკრეტულ ვადებზეც ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ.
ქსელის რეაბილიტაციის გარდა, გადაუჭრელი საკითხია ვალი, რის გამოც დავა დღემდე გრძელდება. ყაზახური მხარე იბრძვის 130 მილიონი აშშ დოლარის უკან დაბრუნებისა და დამატებით 50-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებისთვის. მეორე მხრივ, "ყაზტრანსგაზ-თბილისს" თავად მართებს სახელმწიფოს ვალი, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, შესყიდული ბუნებრივი აირის საფასურად. ახალი მფლობელის პირობებში, ვალების საკითხი მნიშვნეოლვან გავლენას მოახდენს კომპანიის შემდგომ განვითარებაზე.
სპეციალისტები არ მალავენ, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდებიან. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე განმარტავს, ბუნებრივი აირის დანაკარგის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რაც სამომავლოდ ტარიფზე აისახება.
"რას წარმოადგენს და რა ინვესტიციას განახორციელებს კომპანიის ახალი მფლობელი, ჯერჯერობით უცნობია. ინვესტიცია მიმდინარე ხარჯებში თუ ჩაიწერა, ტარიფი აუცილებლად გადაიხედება. თუ გაზის დანაკარგს 3-5%-მდე ჩამოიყვანენ, ეს მოითხოვს დიდ ხარჯს. სამაგიეროდ, შემცირდება დანაკარგი. ამ პროცესების შედეგად თუ კომპანია დაზარალდება ფინანსურად, ესეც თავისთავად ასახვას ტარიფში ჰპოვებს.
პრინციპში, ასეთი რეალობაა: ბევრი ფულია ჩასადები, რომ დანკარგთან დაკავშირებული ვითარება მოგვარდეს. პარალელურად ვალები გადასახდელია, ქსელი კი მოსაწესრიგებელია. გახსოვთ ალბათ, ოდორანტთან დაკაშვირებული ამბავი, რაც ქალაქში დატრიალებულმა "გაზის სუნმა" აშკარად დაგვანახა ამის საჭიროება. დანაკარგის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია. ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ "ყაზტრანსგაზმა" 3%-მდე შეიძლება შეამციროს დანაკარგი, მაგრამ რეალური ახლაც 10%-ზე მეტია.
ცვილებას ველოდები გადასახადთან დაკავშირებით და ამას მომდენვო ზამთარში მოსახლეობა უსათუოდ იგრძნობს, თუმცა გადასახადი არ იქნება იმაზე, მეტი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში იყო, როცა ტარიფი 50 თეთრს შეადგენდა. რეაბილიტაცია მოითხოვს გარკვეულ კაპიტალდაბანდებას და ამას ვერავინ გაექცევა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არაბიძემ.
რაც შეეხება ვალთან დაკავშირებულ დავას, როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, საკითხი სახელმწიფოს კონტროლზეა და ამ მიმართულებით რაიმე საშიშროებას არ უნდა ველოდოთ.
"180 მილიონ დოლარზეა საუბარი. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და დავა ამ ეტაპზეც გრძელდება. სახელმწიფო ძალიან იმედიანადაა განწყობილი. მით უფრო, რომ თვითონ "ყაზტრანსგაზს" დაგროვილი აქვს ბევრი შეუსრულებელი პირობა ჩვენი მთავრობის მიმართაც, რაც მიმდინარე დავის მოგების შანსს გვაძლევს.
სიმართლე გითხრათ, მე უფრო გაზის დანაკარგის საკითხი მაფიქრებს, რადგან იგი სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოსახლეობის გადასახდელია. ადრე თუ გვიან სემეკი იტყვის, რომ ტარიფში მხოლოდ დანაკარგს გაითვალისწინებს და ამ საკითხის მოგვარებას მოითხოვს, რაც ქსელის მოწესრიგების შედეგად უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია, რამდენად მართებულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ჩადებული ინვესტიცია ტარიფში ასახოს, ესეც მომავალში გამოჩნდება", - დასძინა ენერგეტიკოსმა.
გია არაბიძე ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გაზის ტარიფის გაძვირება სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს. "საქართველოს მოსახლეობისთვის გადასახადის ზრდა მსუბუქი ტვირთი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება, თუმცა სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა იგრძნობს", - ამბობს არაბიძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"