2018 წლის მარტში ინფლაციის დონემ საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, -0,4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,18 პროცენტული პუნქტით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირებულია 1,0%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა.
საცხოვრებლის, წყლის, ელექტოენერგიისა და აირის ჯგუფში ფასების 0,6 პროცენტით კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე, კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 3,9 პროცენტით, რაც 1,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები მომატებულია 6,2 პროცენტით, რაც 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი - აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ჯანმრთელობის დაცვა - აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე - სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი).