ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines დაიწყო.
პირველი ჩარტერული რეისი ავიაკომპანიამ თბილისი-თეირანის მიმართულებით შეასრულა, ხოლო რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 მაისიდან გეგმავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, ახალი ქართული ავიაკომპანიის დაფუძნებით ქართულ ავიაბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
„ქართული ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური თუ ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის. მივესალმებით, საქართველოში ახალი ქართული ავიაკომპანიის ოპერირებას, რომლის გუნდიც მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული. კომპანიას აქვს სამწლიანი გეგმა. მისი მთავარი ამოცანაა, სამი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1500-მდე გაზარდოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჯანსაღ კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე“, - განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა დეა მაჭავარიანმა.
My Way Airlines-ის კომერციული დირექტორის იგორ აფციაურის განცხადებით, კომპანია ავიაბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 წლის მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს. მისი თქმით, ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული - 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი, BOEING 737-800 ტიპის თვითმფრინავი იმპორტირებულია, მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში ელოდებიან, მეოთხეს კი - დეკემბერში.
პირველ ეტაპზე ფრენები 5 მიმართულებით შესრულდება. წლის განმავლობაში კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად 10 მიმართულებით გაიზრდება.