„საბა კონსტრაქშენი“ - მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

თბილისში მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, რომელსაც სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს, გადამწყვეტ ფაზაშია შესული და რამდენიმე თვეში დასრულდება, - ამის შესახებ კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ იუწყება.

კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული სამუშაოები „მზიურის“ პარკის ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე ხეობის იმ მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სადაც მდინარე გვირაბში არ არის მოქცეული და შესაძლო წყალვარდნა დასახლებულ ტერიტორიას საფრთხეს უქმნის.

„2015 წლის 13 ივნისი თბილისის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 21 გარდაცვლილი და ამ დრომდე დაკარგული 2 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩენილი უამრავი ოჯახი, განადგურებული ზოოპარკი, დაღუპული ცხოველები - ამ ყველაფრის მიზეზი კი მდინარე ვერეს ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. ვერეს ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა აღნიშნული ტერიტორია მთლიანად დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას და ტერიტორიის პირველ ნაწილში საგზაო ინფრასტრუქტურა ძლიერ დააზიანა, არხის კვეთის ნაწილი კი ნატანი გრუნტის მასებით შეავსო. მომავალში მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილებისა და მდინარის ზემოქმედებისგან მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით საპროექტო დოკუმენტაცია სამ ნაწილად დამუშავდა. „საბა კონსტრაქშენის“ მიერ წარმოებული სამუშაოები „მზიურის“ პარკის ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე ხეობის იმ მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სადაც მდინარე გვირაბში არ არის მოქცეული და შესაძლო წყალვარდნა საფრთხეს უქმნის დასახლებულ ტერიტორიას“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, წყალდიდობის შემთხვევაში მდინარის ზემოქმედებისგან მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით, კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ გაწმინდა მდინარის კალაპოტი და განახორციელა მისი ფორმირება. პროექტის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთ მონაკვეთზე წყლის ნაკადი ბეტონის მოქნილი ლეიბების დაცულ არხში მოექცევა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტერიტორიის პირველი ნაწილი, რომელიც მოიცავს ხეობის ტერიტორიას „მზიურის“ პარკიდან ე.წ. #6 გვირაბამდე, არხებსა და გვირაბებშია კანალიზებული. შესაბამისად, პროექტის მიხედვით, არხები წყალმოვარდნის დროს გამოტანილი გრუნტის მასისგან გაიწმინდა, მოეწყო საყრდენ-სარეგულაციო კედლები, არსებული სანიაღვრე მილი დაგრძელდა და გვირაბების ფსკერი 35 სმ-იანი რკინაბეტონის ფილებით დაიფარა.

„რკინაბეტონის ფილის ასაგებად გამოყენებულ იქნა B-30 კლასის ბეტონი, ხოლო არმირებისთვის - A-500 კლასის არმატურა. კედლის მდგრადობას 8 მ-დან 10მ-მდე ზომის რკინაბეტონის 339 ერთეული ხიმინჯი უზრუნველყოფს. აღნიშნული სიმტკიცის კონსტრუქცია ათეულობით წლის განმავლობაში დაიცავს მდინარე ვერეს კალაპოტის გასწვრივ მდგომ ათობით შენობას მეწყრული მოვლენებისგან, რაც შეიძლება წყალვარდნებმა გამოიწვიოს. მიმდინარე სამუშაოები, ასევე, ითვალისწინებს ფსკერის მოსწორებას, კალაპოტის გაწმენდას, გაგანიერებას, გასწორებას, მდინარის ახლად ფორმირებული 350-მეტრიანი მონაკვეთის ორივე ფერდის გამაგრებას და კალაპოტის მარცხენა ფერდის ბეტონის კონსტრუქციებით დაცვას. ვერეს ხეობის ეს ნაწილი ვაკის სასაფლაოს ესაზღვრება. ადგილობრივების თქმით, ხეობასთან მდებარე სასაფლაოდან ბევრმა სხვა ადგილას გადაასვენა თავისი მიცვალებული, თუმცა მას შემდეგ, რაც „საბა კონსტრაქშენმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო, ეს ტენდენცია აღარ შეინიშნება. სასაფლაოს გასწვრივ შენდება რკინაბეტონის მყარი კედელი, რომელიც წყალდიდობის დროს სასაფლაოს ტერიტორიასაც დაიცავს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტზე სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობის 100-მდე სპეციალისტია დასაქმებული. როგორც „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორი ლევან თარგამაძე აცხადებს, ვერეს ხეობაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებული დაცვით მიმდინარეობს.

„ჩვენ უმკაცრესად ვიცავთ შრომით უსაფრთხოებას. სამუშაოს დაწყებამდე, ყოველდღიურ რეჟიმში ტრენინგებს ვუტარებთ პერსონალს კონკრეტული სამუშაოების მიხედვით. ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში კი უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი, იცავენ თუ არა ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეები ტრენინგზე მიღებულ ინსტრუქტაჟს. ობიექტი მკაცრად გვაქვს დაცული და უსაფრთხოების მიზნით, სამშენებლო ტერიტორიაზე უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ. სიმაღლეზე და სპეცტექნიკასთან სამუშაოდ აღჭურვილი ვართ ყველა საჭირო დამცავი საშუალებით“, - განაცხადა „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ.

მისივე თქმით, „საბა კონსტრაქშენი“ მნიშვნელოვან დროსა და რესურსს უთმობს შრომითი უსაფრთხოების დაცვას.

„კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოებს სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ 2017 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 9 000 000 ლარს აჭარბებს. „საბა კონსტრაქშენი“, ვერეს ხეობის გარდა, საქართველოს მასშტაბით, ექვს სამშენებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, საჯარო რეესტრის შენობა, რომელიც ორთაჭალაში შენდება, ასევე, საკმაოდ მასშტაბური პროექტი ბათუმში, სადაც უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ ისტორია ათობით მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მოიცავს, როგორიცაა აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ თბილისის ზღვაზე, ნარეკვავის წყალსაცავის სრული რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც 7 სოფელს ამარაგებს სარწყავი წყლით. „საბა კონსტრაქშენის“ მიმდინარე პროექტის ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარამდე აღწევს. კომპანიის ავტოპარკი ასზე მეტ სატვირთო მანქანასა და სპეცტექნიკას ითვლის, რომლებითაც ურთულესი სამშენებლო სამუშაოების წარმოებაა შესაძლებელი“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.