აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების მართვაში ჩართული უწყებების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის არსებული მექანიზმები შეისწავლა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ნაკლოვანება გამოიკვეთა. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით არ არის დანერგილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ბარათის შევსების ერთგვაროვანი პრაქტიკა, არ ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვის ბარათის სრულყოფილად შევსება; თბილისის მასშტაბით საგზაო მონიშვნები, გზის ზოლის სიგანე და დაშვებული სიჩქარე არ არის თანხვედრაში კარგ პრაქტიკასთან და ა.შ.
„აღნიშნულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა. მათ შორის, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს სიჩქარის გონივრულ ზღვრამდე შეზღუდვის მიზნით შემდეგი რეკომენდაციები მიეცა: ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მაღალი რისკის შემცველი მონაკვეთების მიხედვით და ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, განიხილოს ქალაქის ქუჩებსა და გზატკეცილებზე სიჩქარის გონივრულ ზღვრამდე შეზღუდვის შესაძლებლობები და ამ მიმართულებით განიხილოს და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.
ამასთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მოახდინოს გზის სავალ ნაწილზე სამოძრაო ზოლების ოპტიმალური რაოდენობის და სიგანის განსაზღვრა ისეთ მონაკვეთებზე, სადაც გზის მთლიანი სიგანე და გარემო ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას იძლევა. ახალი გზის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროცესში კი გათვალისწინებულ იქნეს ზოლების დახაზვის ოპტიმალური ნორმები.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშაოს გზებზე არსებული პრობლემების და საგზაო უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობების (საგზაოს რისკები) გამოვლენის მექანიზმი, რომლის შედეგადაც იდენტიფიცირებული ხარვეზების დროული მოგვარებისათვის, სამსახური რეკომენდაციებით მიმართავს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ გზებზე პასუხისმგებელ უწყებებს (გამგეობები, კეთილმოწყობის სამსახური), მათი კომპეტენციის შესაბამისად,“-ვკითხულობთ ანგარიშში.
რაც შეეხება დედაქალაქის მასშტაბით, სიჩქარის შეზღუდვის საკითხს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში, დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაშვებული სიჩქარე მკვეთრად აღემატება საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით დადგენილ ზღვარს.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ქვეყნების 62%- ს ქალაქის გზებზე დასაშვებ სიჩქარედ 50 კმ/სთ ან ნაკლები აქვს დადგენილი. საქართველოში კი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად, დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით არის ნებადართული. ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დასაშვებ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-მდე გადაჭარბება არ იწვევს მძღოლის დაჯარიმებას, რაც დასახლებულ პუნქტში მოძრაობას 75 კმ/სთ-მდე სიჩქარით შესაძლებელს ხდის და შესაბამისად, მკვეთრად აღემატება საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით დადგენილ ზღვარს - 50 კმ/სთ-ს.
„ქვეითებს 90%-იანი გადარჩენის შანსი აქვთ, როდესაც მანქანა მოძრაობს 30 კმ-მდე სიჩქარით, მაგრამ ეს შანსი 50%-ზე ნაკლები ხდება, როდესაც მოძრაობის სისწრაფე 45 კმ/სთ-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ სიჩქარის ყოველი 5%-იანი ზრდა იწვევს ავარიების, დაახლოებით, 10%-ით მატებას და ფატალური შედეგების 20%-ით ზრდას. სიჩქარის კლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებთან ახლოს. რეკომენდებულია 30 კმ/სთ-ით მოძრაობა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოწყვლადი პირების მიმართ განსაკუთრებული რისკი არსებობს (მაგალითად, ბავშვები).
ქალაქის ტიპის დასახლებებში რეკომენდებული სიჩქარეა 50 კმ/სთ. მსოფლიო ქვეყნების 62%- ს ქალაქის გზებზე დასაშვებ სიჩქარედ დადგენილი აქვს 50 კმ/სთ ან ნაკლები. საქართველოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. დასაშვებ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-მდე გადაჭარბება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით არ იწვევს მძღოლის დაჯარიმებას, რაც დასახლებულ პუნქტში მოძრაობას 75 კმ/სთ-მდე სიჩქარით შესაძლებელს ხდის და შესაბამისად, მკვეთრად აღემატება საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით დადგენილ ზღვარს - 50 კმ/სთ-ს,“-ნათქვამია ანგარიშში.