2017 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების მიწოდება 10%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში 276,000 კვ.მ. შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში გაიხსნა „გალერეა თბილისი“, სადაც წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა H&M, Calvin Klein Jeans, Karl Lagerfeld, Armani Exchange და Lacoste. მოთხოვნის ზრდა განაპირობა როგორც ბაზარზე უკვე არსებული ადგილობრივი ბრენდების გაფართოებამ, ასევე ახალი საერთაშორისო წარმომადგენლობების შემოსვლამ.
რაც შეეხება კომერციულად აქტიურ ქუჩებს, შეინიშნება ფასების შემცირება პეკინის ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე 5% და 10%-ით შესაბამისად, ხოლო რუსთაველზე 10%-იანი ზრდა ფიქსირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას.
კვლევის პრეზენტაცია ხვალ, 11:00 საათზე სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაოდგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.
თეონა კენჭიაშვილი