რუსეთში აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხის გამო, პუტინის ხელისუფლებამაფხაზური პროდუქტისთვის ფსოუს საზღვარი დაკეტა. მანამდე კი, რუსეთის მონდომებით, ე.წ. ენგურის ხიდის გარდა, ყველა გადასასვლელი ჩაიკეტა და აფხაზეთის რეგიონიდან პროდუქტის გადმოტანა მინიმუმამდე შემცირდა. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რუსეთის ბოლო გადაწყვეტილება, პროდუქტის შემოტანის გაურკვეველი ვადით აკრძალვის შესახებ, აფხაზეთის ეკონომიკისთვის “საკონტროლო გასროლა” აღმოჩნდა.
“საბაჟო” პოსტ “სოხუმის” ხელმძღვანელის თემურ ამიჩბას ინფორმაციით, “ვითარება თითქოს არც ისე კატასტროფულია, რადგან რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი, 2016 წლისას 121 მილიონი რუბლით აღემატება. მისივე თქმით, გასული წლის შემოდგომას თუ არ ჩავთვლით, თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად მომატებული იყო, ასევე ზრდა შეინიშნებოდა შავი მეტალისა და ნარჩენების რეალიზაციაშიც, რაც საბაჟო გადასახადის შემცირებითაც იყო გამოწვეული,“ - აცხადებს ის და დასძენს, რომ ახალი გადაწყვეტილების შემდეგ ვითარება კატასტროფულად შეიცვლება. მისივე თქმით, შარშან, რუსეთის ბაზარზე, 167 მილიონი რუბლით გაიზარდა ღვინის პროდუქტის ექსპორტი, თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა თევზის პროდუქტი და ციტრუსი.
“2017 წელს, რუსეთის ბაზარზე აფხაზეთიდან პროდუქტის “ახალი ექსპორტის” ეტაპი დაიწყო, - მათ შორის იყო საზამთრო, მარწყვი, ჯემი, აჯიკა, კონიაკი და ყურძნის არაყი”, - განაცხადა თემურ აჩბამ ადგილობრივ მედიასთან ანგარიშის ჩაბარებისას და აღნიშნა, რომ ახლა მათი ძალისხმევა რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად წყალში ჩაიყრება.
ადგილობრივი მედიის თქმით, შესაბამისად, წელს აფხაზეთში ბევრად მძიმე ტურისტული სეზონი იქნება, ვიდრე შარშან იყო, - რადგან რუსეთმა აფხაზეთში ფაროსანას მიერ შექმნილი კრიტიკული სურათის გამო, ყველა სახის სურსათის შეტანა აკრძალა.
“თავის მხრივ, აფხაზეთი რუსეთისგან კვების, ალკოჰოლურ და თამბაქოს პროდუქციას, ასევე საშენ მასალებს, ბენზინისა და დიზელის საწვავს, ბუნებრივ აირს, მანქანებსა და ტექნიკურ მოწყობილობის იმპორტს აწარმოებს... სავაჭრო სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორი 74% -ით არის რუსეთი. 5% მოდის თურქეთზე, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე...
2017 წელს აფხაზეთში გადაიფორმეს 4 523 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც 692-ით მეტია წინა წელზე და ყველა მათგანი რუსეთიდან შემოყვანილია,” - აცხადებს აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსანი.