Apple Intel-ის ჩიპებს აღარ გამოიყენებს

კომპანია Apple აპირებს უარი თქვას კომპანია Intel-ის მიერ წარმოებულ მიკროჩიპებზე მისი Mac-ის ხაზის კომპიუტერებისათვის და უკვე 2020 წლიდან საკუთარი წარმოების ჩიპებზე გადასვლას გეგმავს.

როგორც Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, გეგმა, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ინიციატივა Kalamata", ჯერ დამუშავების სტადიაზეა. ის არის კომპანიის საერთო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კომპანია Apple-ის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს შორის სინქრონიზაციას.

გამოცემა იმასაც დასძენს, რომ აღნიშნული კომპანია Intel-ის შემოსავლებს დიდად არ დააზარალებს, ვინაიდან მისი შემოსავლების მხოლოდ 5% მოდის Apple-თან თანამშრომლობით.

ამასთან, Apple-ს მიეცემა შესაძლებლობა Mac-ის ახალი მოდელები გამოუშვას საკუთარი გეგმის მიხედვით და არ იყოს დამოკიდებული Intel-ის მხრიდან ახალი პროცესორების წარმოებაზე.

გარდა ამისა, Apple გახდება ერთადერთი კომპანია მსოფლიოში, რომელიც საკუთარ კომპიუტერებს ააწყობს მისივე წარმოების ჩიპებით.

მიკროჩიპების ბაზარზე Intel-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია და მის პროდუქციას იყენებენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა HP, Lenovo, Dell და Asus. Apple არის პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე მყოფი კომპანია, შემოსავლების და არა რაოდენობის მიხედვით.

კოკა კვირკველია