ქვეითზე ავტომობილის შეჯახების ყველაზე მეტი შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში დაფიქსირდა

"რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ნაკლები ზრუნვა და ნაკლები გეგმაა", - ამის შესახებ ალიანსი „უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელმა ეკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე ისაუბრა.

„აუდიტის სამსახურმა ჩვენს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პრევენციის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. შარშან უკეთესი სტატისტიკური მონაცემები გვქონდა, ვიდრე წინა წლებში. თუმცა არსებობს ხარვეზები რომელიც უნდა აღმოიფხვრას. რეკომენდაციებია შემუშავებული იმ სამინისტროებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან საგზაო უსაფრთხოებაში, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, რომელიც ინფასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ასევე თბილისის მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოების წამყვანი უწყება საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების წამყვანი უწყება ეკონომიკის სამინისტროა. ამ სამინისტროს დღესდღეობით კოორდინაციის ფუნქცია აქვს მინიჭებული. დავეთანხმებოდი აუდიტის სამსახურს, რომ მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს ეკონომიკი სამინისტროს, ვიდრე მხოლოდ კოორდინატორის როლია“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ნაკლები გეგმებია რეგიონებში.

„იმ საკოორდინაციო ჯგუფში, რომელშიც შესულია სამინისტროები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, არაა შესული სხვადასხვა რეგიონული მუნიციპალიტეტები. ამ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ პრაქტიკულად, რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ნაკლები ზრუნვა და ნაკლები გეგმაა. სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სავალალო მდგომარეობაა რეგიონებში“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილმა სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუდიტის დასკვნაში შსს-ს მიმართ არის რეკომენდაცია, რომელზეც სტატისტიკაზე მახვილდება ყურადღება, რადგან თუ სტატისტიკა ზუსტი არაა პრევენციული ზომების განხორციელება შეუძლებელია.

მისივე განცხადებით, აუდიტის დასკვნაში გამოყოფილია 4 წერტილი, სადაც 2016 წელს ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ქვეითზე დაჯახების შემთხვევები. ესენია - აღმაშენებლის ხეივანი, ვარკეთილი, მოსკოვის გამზირი და დადიანის ქუჩა.