რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევა ჩატარდება

თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას ითვალისწინებს.

ხელმოწერის ცერემონიალი დღეს თბილისის საკრებულოში შედგა. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.

ღონისძიებას ასევე თბილისის საკრებულოს წევრები, ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს. ამ მიზნით, დედაქალაქში კომპანია „სისტრა“ კვლევას განახორციელებს, რომლის საფუძველზე დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მოხდება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.

„პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევას. ამ კვლევით ჩვენ გვექნება რეალური სურათი, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ ქალაქში თუნდაც საავტობუსო ხაზები, როგორ უნდა მოდიოდეს თანხვედრაში მეტროსთან, მიკროავტობუსებთან. უფრო სწორად იქნება დაგეგმილი საავტობუსო ხაზები და სამარშრუტო ხაზები“, – განაცხადა კახი კალაძემ.

თავის მხრივ, ჟურნალისტებთან საუბრისას ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ ევროპისა და რეკონსრუქციის განვითარების ბანკისთვის საგრანტო თანხას ევროკავშირი გამოყოფს და იგი 500 000 ევროს შეადგენს.

ამასთან, პროექტის საერთო ღირებულება 800 000 ევროს შეადგენს, საიდანაც 500 000 ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 000 თბილისის მერის დაფინანსება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 101 მარშრუტს დაახლოებით 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. თბილისის მერია უახლოესი 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება.

„სისტრას“ რეკომენდაციების საფუძველზე, თბილისის მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს.