თბილისში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn by Radisson-ის მშენებლობა აპრილში დაიწყება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა.
ეს იქნება ბრენდის პირველი სასტუმრო საქართველოში და მისი აშენება ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "თორის" ადგილას იგეგმება.
პროექტს საპარტნიორო ფონდი და „ბლოკ ინვესტი“ ერთობლივად ახორციელებენ. მისი დაწყება 2016 წლის ზაფხულიდან იგეგმებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო 15-სართულიანია და 200 ნომრიანი იქნება. მასში კაფე, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახები განლაგდება. სასტუმროს გახსნა 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.
რას შეეხება საინვესტიციო ნაწილს, Park Inn by Radisson-ის პროექტის განხორციელება 25 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.
თეონა კენჭიაშვილი