მას შემდეგ, რაც ჩინეთმა შეერთებული შტატების საპასუხოდ, ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტრილება გამოაცხადა, ამერიკული დოლარის ინდექსმა კლება დაიწყო.
ინდექსი, რომელიც მსოფლიოს ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ, ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.26 პროცენტით, 89.61-მდე შემცირდა.
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა დღეს გამოაცხადა, რომ ამერიკაში წარმოებული, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, ტარიფებს 25 პროცენტით ასწევს. ეს არის ჩინეთის საპასუხო რეაქცია აშშ-ის მიერ უფრო ადრე გამოცხადებულ ანალოგიურ ქმედებაზე. ჩინეთის მიერ ტარიფების ზრდა შეეხება ავტომობილებს, ქიმიური მრეწველობის საქონელსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.
ამასთან, ჩინეთი თავისი ახალი ტარიფების ამოქმედების თარიღს მოგვინებით დააზუსტებს.
ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი ქმედება იმ ფაქტით გაამართლა, რომ ჩინეთში არ იცავენ ინტელექტუალურ საკუთრებას, რაც ამერიკული კომპანიების ინტერესებს არღვევს. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის, ასეთ მკვეთრ ქმედებებს, გლობალური და აშშ-ის ეკონომიკის დაზარალება შეუძლია.
სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესი დაძაბვის ფონზე, იზრდება ინვესტორთა მიერ რისკიანი აქტივების უარყოფა და ე.წ. უსაფრთხო აქტივებზე გადასვლა. ასეთებს შორისაა იაპონური იენი, რომელიც დოლართან წყვილში გაიზარდა და ამჟამად ერთი დოლარის ფასი, 106.15 იენის სიახლოვესაა. იენის გამყარება ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ დროს, როცა მსოფლიოში პოლიტიკური და სხვა ტიპის დაძაბულობა მატულობს.
დოლართან წყვილში ევრო მეტნაკლებად სტაბილურია. ევროპული ვალუტის ზრდას აკავებს ის გარემოება, რომ ევროზონაში დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები კვლავ ვერ აკმაყოფილებს ევროპის ცენტრალური ბანკის სტანდარტებს. არადა, ევროზე განაკვეთის ზრდის დაწყება და ევრო ზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეწყვეტა, პირველ რიგში, სწორედ ინფლაციის მიზნობრივი 2-პროცენტიანი დონის მიღწევაზეა დამოკიდებული. უარყოფითი სტატისტიკა კი ამის პერსპექტივას ამცირებს.
და მაინც, ბაზრები ახლა ყველაზე მეტად, ამერიკის შრომის ბაზრის სტატისტიკას ელის, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდება. დადებით სტატისტიკას და ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის ოპტიმისტურ გამოსვლას, დოლარისთვის ზურგის ქარის როლის შესრულება შეუძლია.