რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 48 %, ხოლო ცხინვალის რეგიონის დაახლოებით 90% შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 48 % - 88 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 90% - 121 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. ამ მხრივ, გამოსაყოფია ბოლო პერიოდში დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერების გააქტიურება უკრაინაში, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის კუთხით.
აღნიშნული მიმართულებით ნიშანდობლივია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობის ოპერირება, რომელიც არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ზემოხსენებულ უკანონო ფინანსურ ოპერაციებში აქტიურად იყოს ჩართული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას აზიანებს. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს,“-აღნიშნულია ანგარიშში.