საჯარო უწყებებს შავი ფერის მანქანების შეძენა აეკრძალათ

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის 157-ე დადგენილებით, ყველა სახელმწიფო უწყებას შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალა.

შესაბამისი ქვეპუნქტი 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილების დანართის პრეამბულას დაემატა. მასში აღნიშნულია: „შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“

დადგენილებაში, რომელიც „სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებას, კლასიფიკაცის და სამსახურეობრივი ავტომანქანების შესყიდვის წესს“ განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ.

დადგენილების მიხედვით,  სამინისტროებმა 2018 წლის 25 აპრილამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – კომისია) წარუდგინონ სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებათა ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15 მაისამდე განსაკარგავად უნდა გადასცენ ის მანქანები, რომლებიც გამოსულია მწყობრიდან და შეკეთებას არ ექვემდებარება.