”ფეისბუქის” აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ჩვენებას 11 აპრილს მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მან ჩვენება წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტს უნდა მისცეს და ისაუბროს კომპანიის მიერ მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებასა და დაცვაზე.
კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩვენების მიცემა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა ნათელი მოეფინოს მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობის საკითხს, ასევე დაეხმარონ ყველა ამერიკელს უკეთესად გაიგონ, რა ემართება ინტერნეტში განთავსებულ პირად ინფორმაციას.
შეგახსენებთ, 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Cambridge Analytica-მა, რომელიც აშშ-ს საარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდა, უკანონოდ მიიღო 50 მილიონი „ფეისბუქის“ მომხმარებლის მონაცემები. ეს მონაცემები გამოიყენებოდა ამომრჩევლების პოლიტიკური სიმპატიების დასადგენად და მათთვის პოლიტიკური რეკლამების საჩვენებლად.